აჭარაში პირველი თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით, რეგიონის მასშტაბით პედაგოგებისა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება ჩაუტარდება რეგიონის მასშტაბით 9 000-მდე პედაგოგსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს.
ტესტირების პროცესში ჩართულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, თავისი რაიონული განყოფილებებით, დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო და ბათუმის პოლიკლინიკები.
უსაფრთხოების წესებისა და ჯანდაცვის რეკომენდაციების შესახებ ინსტრუქცია და განმარტებები პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
დღეს, ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაში ტესტირების პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად გაეცნო.