აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა გადადგომის შესახებ მზადყოფნას ადასტურებს, თუკი, მისი თქმით, ამას ხალხი მოისურვებს. სააგენტო „სპუტნიკის" ინფორმაციით, ამის შესახებ მან დღეს , დეფაქტო ხელისუფლების მხარდასაჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი ხალხის გასაერთიანებლად, რათა შეგვექმნა პირობები რეალური გადაწყვეტილებისთვის სახელმწიფოს მეთაურის ბედთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არ იყო საჭირო. ახლა აყენებენ საკითხს, რომ საჭიროა რეფერენდუმის გაუქმება. რეფერენდუმი ჩატარდება. ვიმეორებ, თუკი თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ხაჯიმბამ დატოვოს თანამდებობა, მე დავთანხმდები. თუკი ასე არ იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. მე ვერავინ შემაშინებს", - განაცხადა ხაჯიმბამ.
მისი აზრით, რეფერენდუმის ორგანიზატორები ამ რეფერენდუმის ჩაშლას თავიდანვე გეგმავდნენ. დეფაქტო პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა მონაცემებით, ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.