„იქიდან გამომდინარე, რომ ამ დღეების განმავლობაში მთელი რესურსით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიმდინარეობის პროცესში ვართ ჩართული და ამავე დროს, ნატო-ს სამიტისთვის ვემზადებით, არ გვქონდა საშუალება, აშშ-ში საქართველოს ელჩთან საფუძვლიანად განგვეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გადაცემა 2030-ში.
მისი თქმით, მათ უშუალოდ ელჩისგან უნდა მოისმინონ, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მედიაში გავრცელებული განცხადება.
"ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვით ის განცხადებები, რომელიც ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. აქ აჩქარება არ ღირს, ჩვენ აშშ-ში საქართველოს ელჩისგან უნდა გავიგოთ, მედიაში გავრცელებული განცხადება სინამდვილეს რამდენად შეესაბამება, ხომ არ არის გარკვეული ინტერპრეტაცია, ან - კონტექსტიდან ამოღებული. ჩვენ გვექნება საშუალება, ელჩთან სერიოზულად გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელზეც ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიაში იყო საუბარი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.