ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მესაზღვრეს ის ქართულ მხარეს არ გადასცემს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი" იუწყება.
„ჩვენი კანონის და კონსტიტუციის მიხედვით, საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას ვერ გადავცემთ", - განაცხადა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ე.წ. მესაზღვრე სათანადოდ დაისჯება.
გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 19 მაისს ე.წ. მესაზღვრემ მოკლა. მას წინ უძღოდა ოთხოზორიას და ე.წ. მესაზღვრეებს შორის კონფლიქტი, მკვლელობის მომენტი უსაფრთხოების ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს.