„გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.
მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურების შემდეგ ირკვევა, რომ ყველაფერი 27 იანვარს დაიწყო.
სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად "შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც იქ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკოსთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.
ამ ვერსიით, გირგვლიანს მეგობარი გოგონა გაუკიცხავს უცნობ მამაკაცებთან ერთ მაგიდასთან ყოფნის გამო. მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: „მან მკითხა თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ „პედერასტთან“, მიუთითა რა გურამ დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური)“.
ბუხაიძემ უარყო ამგვარი კომენტარი, თუმცა ცნობილია, რომ ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასის „მერსედეს-ბენცში“ შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის „ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი“ სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.
როგორც იმ დროს, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, „ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მოხდა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, იყო თუ არა ის ჩართული, ყველა ამ საკითხზე იღებს პასუხისმგებლობას და მომავალშიც აიღებს“.
„ჩვენ მოგვიწია ბევრი მძიმე გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ გამოცდების ჩაბარების შემდეგ მივიღეთ ის, რომ საქართველოს პოლიციას დღეს მაღალი ნდობა აქვს“", - აცხადებდა მერაბიშვილი.
მაშინ მერაბიშვილი დარწმუნებული იყო, რომ პოლიციას 80-პროცენტიანი ნდობა ჰქონდა და ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემული იყო.
სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარმა საზოგადოებას სანდრო გირგვლიანის დედის ანდერძი გაუმხილა, რომელიც თურმე ქალბატონმა ირინამ მოძღვარს სიკვდილის წინ გაანდო.
„დიახ, ბოლო თვის განმავლობაში პანკრიასის სიმსივნეზე მკურნალობდა, თუმცა, თვლიდა, რომ მისი მკვლელობა სცადეს. მითხრა, ხომ ხედავ, მეც მომკლეს ამ ურჯულოებმა. სააკაშვილის ხელისუფლება სანამ იქნება, ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ეს არის ჩემი უკანასკნელი სურვილიო. ეს მისი ანდერძი იყო და როგორც მოძღვარი ვალდებული ვარ, ეს ვთქვა, მით უფრო, რომ მთავრობა უკვე შეიცვალა“.
გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მაშინდელი მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მოვლენებმა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და, ზოგადად, მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე ეჭვქვეშ დააყენა.
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე კუდ-ის ოთხი თანამშრომელი დააკავეს 2006 წლის 6 მარტს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც დამნაშავედ იქნენ ცნობილი გირგვლიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და მისთვის ჯანმრთელობის დაზიანებაში, რამაც სასიკვდილო შედეგი გამოიწვია; ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა მათ საპატიმრო ვადა მოგვიანებით პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გაუნახევრდათ და ამას გარდა, მათ მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი იქნა გამოყენებული, რის შედეგადაც 2009 წლის სექტემბერში ოთხივე ოფიცერი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სულ დაჰყვეს 3 წელი და 6 თვე.
ასევე, გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.