logo_geo
eng_logo
ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა
- +

7 ივლისი. 2016. 04:07



ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.


საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა.


დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1959 წელს.


1957-1961წწ. იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961-1964წწ. - კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964-1965წწ. იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე.


1965-1972წწ. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად. 1985 წელს იგი სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა.


1991 წელს, მ. გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა კავშირის დაშლა, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.


მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. 1992 - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, 1995-2003წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტი.



„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა.


სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი", სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი.


ედუარდ შევარდნაძის მეუღლე - ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე 2004 წელს გარდაიცვალა. დარჩათ ორი შვილი - პაატა და მანანა შევარდნაძეები. 


ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.


დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში, თავისი მეუღლის გვერდით.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner