logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში, ჩვენ საარჩევნო რეფორმას გავატარებთ
- +

27 იანვარი. 2021. 19:00

 

 

„საერთო ჯამში დიალოგმა გარკვეული შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ საუბარი საარჩევნო სისტემასა და პროცედურების რეფორმასთან დაკავშირებით ამ მაგიდის გარშემო შედგა და გარკვეულწილად არსებობს საერთო მოსაზრება, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საარჩევნო სისტემა თუ პროცედურები“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, უმრავლესობა საარჩევნო რეფორმას გაატარებს.

 

„მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში ჩვენ საარჩევნო რეფორმას გავატარებთ, ვინაიდან ეს არის ჩვენი დასკვნა, რაც ჩვენ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან გამოვიტანეთ. 21-ე საუკუნეში საჭიროა ნაკლებ ხარვეზიანი იყოს არჩევნები და ამიტომაც გვინდა ტექნოლოგიების შემოტანა ამ არჩევნებზე. როგორც ჩანს, ეს პოზიტიური შედეგი და წინსვლა ოპონენტების გარეშე იქნება, ისევე, როგორც ყველა წინა პროგრესი. როგორც ჩანს, ეს საარჩევნო რეფორმაც ჩვენი გასატარებელი იქნება“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

მისი თქმით, შედგება თუ არა მეხუთე რაუნდი, ამაზე ოპონენტები უნდა ჩამოყალიბდნენ.

 

„რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, აქ წითელი ხაზები აშკარაა და ჩვენთვის ამ წითელი ხაზების უკან დგას არგუმენტები. კერძოდ, რაც შეეხება ხელახალ, რიგგარეშე არჩევნებს, პლებისციტს და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა მისაღები იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა რამე მტკიცებულება მაინც, რომ არჩევნებზე მოხდებოდა ისეთი დარღვევა, რაც შედეგზე იქონიებდა ზეგავლენას. ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს, რადგან ასეთი მტკიცებულება ვერც ადგილობრივმა და ვერც საერთაშორისო დამკვირვებელმა ვერ აღმოაჩინა. არც ერთ ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ამან შედეგზე გავლენა მოახდინა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც შევთავაზეთ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნა და მივცემთ შესაძლებლობას, რომ გახსნან და ნახონ, რამე მტკიცებულება თუ არსებობს. ჩვენ მხარეს არის არგუმენტები და ხოლო მათ მხარეს არის მხოლოდ აკვიატებული და წყურვილი ძალაუფლების, რა თქმა უნდა, ასეთ წითელ ხაზებს ჩვენ ვერ გადავალთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner