„ოპოზიციამ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა, არ შეიძლება საზოგადოების ნდობის განიავება და ისინი პარლამენტში უნდა შემოვიდნენ. აქამდეც უნდა შემოსულიყვნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„იმედს ვიტოვებ, რომ ისინი, ვინც ნაკლებად რადიკალური ქმედებებით გამოირჩევიან, შემოვლენ და გააგრძელებენ საპარლამენტო მუშაობას. NDI-ს კვლევებმაც აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს მათი გადაწყვეტილების აღსრულებას. ხალხმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტი ამ შემადგენლობით იყოს დაკომპლექტებული, იმ პროცენტული მხარდაჭერის შესაბამისად, რა მხარდაჭერაც მოიპოვა ამა თუ იმ პარტიამ. ასე ხედავს ამომრჩეველი, რომ ამ შემადგენლობით უნდა მართოს ქვეყანა, საკანონმდებლო ორგანომ და არ შეიძლება ამაზე უარის თქმა, მაგრამ თუ ისინი პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთას არ შეასრულებენ, რა თქმა უნდა, მე ჩემი გადაწყვეტილებით უფრო თავისუფალი ვიქნები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.