logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მიშმადიდებლური გაგებით, შესაძლებელია, ემანუელ ჟან-მიშელ ფრედერიკ მაკრონი იყოს რუსი...
- +

28 იანვარი. 2021. 02:16

 

 

როცა შენი ქვეყნის შვილს, შენივე სამშობლოს სამსახურისთვის,  საფრანგეთი აჯილდოებს, შენ რა გწყინს, შე უჯიშოვ?!

2020 წლის 31 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი 40 წელია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ახლაც, პანდემიასთან ბრძოლისას დიდად გაისარჯა – კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა. ეს გახლავთ ოფიციალური ინფორმაცია, რაც დიდად გასახარი და საამაყო უნდა ყოფილიყო ყოველი ქართველისთვის.

თუმცა!

საქართველო რაის საქართველო იქნებოდა, ყველას რომ გა(ჰ)ხარებოდა?!

ქართული საზოგადოების ერთ (მიშმადიდებლურ სამყაროში) ნაწილში ეგრევე გაჩნდა აზრი, რომ თუკი საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს ოლიგარქს საპატიო ლეგიონერის ტიტული მიანიჭა, თვით საფრანგეთის პრეზიდენტიც პირწავარდნილი რუსია. შეიძლება ადამიანი იყოს ფრანგი, გვარად მაკრონი, სახელად ემანუელი, მაგრამ სული ჰქონდეს რუსული.

გესმით?!

მიშმადიდებლური გაგებით, შესაძლებელია, ემანუელ ჟან-მიშელ ფრედერიკ მაკრონი იყოს რუსი... მეტიც, იყოს ვლადიმერ პუტინის მონა, ხელის ბიჭი, ყმა და ამავე დროს შესაძლებელია, რუსეთში დავაჟკაცებულ-ნაცხოვრებ-ნამუშევარი გრიგოლ ვაშაძე იყოს პროდასავლელი, პროამერიკელი, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი, რუსეთის მტერი. დიახ, აქ, დედამიწის ამ მონაკვეთზე შესაძლებელია, ადამიანები ემსახურებოდნენ რუსებს, აკეთებდნენ რუსულ საქმეს, სინამდვილეში იყვნენ პუტინის მონები და ამავე დროს ყოველდღიურად შთაგვაგონებდნენ, რომ ისინი არიან რუსეთის მტრები. მაგალითად, მიხას ძია, თემურ ალასანია, რომელიც მთელი ცხოვრება იყო "კაკებეშნიკი" (ამ დროს ვიცით, რომ ყოფილი "კაკებეშნიკი" არ არსებობს), ახლა მიედ-მოედება, პროდასავლელი გახლავართო. არ არსებობს, ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება... თუმცა ამათ შესწევთ უნარი, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რამენაირად, როგორღაც მაინც გადაულესონ ტვინის ნაოჭები.

კიდევ ერთი შთამბეჭდავი მაგალითი: თუ გრიგოლ ვაშაძის კნეინა, ნინო ანანიაშვილი დაინიშნება ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელად და პერიოდულად უცეკვებს ვლადიმერ ვლადიმოროვიჩს, არაუშავს, ის მაინც პროდასავლელ მოვლენად დარჩება, ხოლო საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე, გამყიდველი, პირწავარდნილი რუსეთუმე.

სიმართლე გითხრათ, მე ასეთ გამოხტომებს ველოდი, როგორ არ ველოდი, მაგრამ ზოგიერთი ასე თუ დაეცემოდა, მაინც ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ თქვენც გქონიათ მომენტი, როცა გგონიათ, აწი აღარაფერი გაგვიკვირდებაო, მაგრამ უცებ ისეთი რაღაცა ხდება, ან ისეთ რაღაცას იტყვიან, ერთი-ორი კვირა პირი ღია გრჩებათ და თვალები კიდე შუბლზე გაქვთ ასული.

მოკლედ, გამოეთრა დაჯილდოებიდან მეორე დღესვე (ხომ არ გააცივებდა?) მიხა სააკაშვილი და მტკიცებითი ფორმით თქვა: მაგანო, ბიძინა ივანიშვილმაო, ჯერ საფრანგეთის მოქალაქეობა იყიდაო, ეხლა კიდე ორდენი იყიდაო, ეგეთია, სულ რაღაცებს ყიდულობსო. ესე იგი, როგორც მიხა ამტკიცებს, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან საპატიო ლეგიონერის ორდენი იყიდა. საინტერესოა, რამდენი გადაიხადა? არ ვიცით, ბატონი მიხა ამაზე დუმს. ჩვენ კი მხოლოდ ის ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი გადარიცხა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში... არ გამოვრიცხოთ, მიხა ამ ფულს გულისხმობდეს. თუმცა გიგა ბოკერიას კნეინას, თამარა ჩერგოლეიშვილს თუ ვკითხავთ, ეს ჯილდო არც ისეთი ფასეული და საამაყოა, მილიონები რომ ღირდეს. თურმე სხვადასხვა დროს ეს ტიტული მიღებული აქვთ ვლადიმირ პუტინს, ილჰამ ალიევის მეუღლეს – აზერბაიჯანის პირველ ლედისა და ვიცეპრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას, ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების ჩახშობაში დადანაშაულებულ მმართველს, კერი ლამს, ნობელიატ აუნ სან სუ ჩის, რომელსაც მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდის დროს არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებენ. ორდენით დაჯილდოვდა, თუმცა მოგვიანებით ჩამოერთვა, რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ. ორდენი ჩამოართვეს ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინსაც სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ბრალდებების შემდეგ. ვაინშტაინის გარდა, კულტურის სფეროში მოღვაწე დაჯილდოებულ პირებს შორის არის ფრანგი მსახიობი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე, რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი და სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა.

თამარას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნება „კომპრომატი“ ჰგონია... აი, თვით გიგა ბოკერია კი დიდი მამულიშვილი. დავუშვათ, იგივე ჯილდო მიღებული აქვს ვლადიმერ პუტინს, რა არის ამაში გასაკვირი? დღეს რუსები და ფრანგები მეგობრობენ, მაკრონიც თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკას ანხორციელებს... პუტინი ჩვენი მტერია, მაგრამ თავისი ქვეყნისთვის და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოსთვისაც კაი ბიჭია. ვერაფერს იზამ, ასეთია გლობალური პოლიტიკა, ყველა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს... ერთადერთი საქართველოა, სადაც შეიძლება ომი წააგონ რუსეთთან, მაგრამ ეს წაგება მონათლონ გამარჯვებად. ესე იგი, ერთადერთი საქართველოა, სადაც შეიძლება სხვა ქვეყნის სასარგებლოდ იმოქმედონ, მაგრამ მოსახლეობას გამოგვიცხადონ, რომ ეს იყო ჩვენთვის კარგი. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შეკითხვას ასე დავსვამ: როგორ ფიქრობთ, ილჰამ ალიევის ცოლობა სჯობს თუ გიგა ბოკერიას ცოლობა? თამარა ისე მიუთითებს, ეგ ჯილდო ალიევის ცოლმაც მიიღოვო, გეგონება იმის ცოლობა ბოკერიას ცოლობაზე უკეთესია, საპატიო და დიდად საამაყოა. შეიძლება ვინმე შემომედავოს, ბოკერიას არც აქვს ეგ ორდენი მიღებული, ქალბატონ მეჰრიბანს კიდე რაში ეკუთვნოდაო? ალბათ ეკუთვნოდა, თორემ არ მისცემდნენ... მე პირადად მეჰრიბანობა მირჩევნია ჩერგოობას და ბოკერიობას. მეტიც, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნება სჯობს (სჯობდა, ზოგი მოკვდა) გიგა ბოკერიას, თვით ჩაუშესკუც. ისე, ჯერ ისიც საკითხავია, რატომ ჩაიდინეს რუმინელებმა დიდი ცოდვა 1989 წლის 25 დეკემბერს, შობა დღეს, რატომ დახვრიტეს თავიანთი პირველი პრეზიდენტი? მე არ ვამბობ, რომ ნიკოლაე ჩაუშესკუ ანგელოზი გახლდათ, მაგრამ არც სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელებზე უარესი იყო. სხვათა შორის, ავი ენები ამბობენ, ჩაუშესკუ კრემლის ბინადრებმა გაწირესო და ეს არც არის უსაფუძვლო. გარდა ამისა, ბუნებაში ხდება ხოლმე... იცით, რა ხდება ხოლმე? ადამიანი, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვართ, შეიძლება ცხოვრებაში არ გამოგადგეთ... ან შვილი არ გამოგადგეთ... ან ცოლი არ გამოგადგეთ... ან ქმარი არ გამოგადგეთ... ან მაცივარი არ გამოგადგეთ... ან ტელევიზორი არ გამოგადგეთ და საფრანგეთის პრეზიდენტებმა თუ `ვინმეები დააჯილდოვეს და არ გამოდგნენ, ეგეც ხომ ჩვეულებრივი ამბავია? თუ ვინმემ არ გაამართლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორდენი ნაგავშია გადასაგდები, როგორც გიგა ბოკერიას კნეინა მიანიშნებს.

 

საპატიო ლეგიონის ორდენი დაწესებულია ნაპოლეონ ბონაპარტეს, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი კონსულის მიერ 1802 წლის 19 მაისს. ეს არის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო და მას ანიჭებს საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის. ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“.

ვინ არიან ქართველთაგან ამ საპატიო ჯილდოს მფლობელები ბიძინა ივანიშვილის გარდა?

ვახტანგ სეხნიაშვილი (1922–2014) საფრანგეთის ეროვნული გმირი, თელავიდან. 1942 წელს უკრაინის ფრონტზე ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მოხვდა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც საბჭოთა ტყვეებს მაღაროებში ამუშავებდნენ. მან მოახერხა გაქცევა და წინააღმდეგობის მოძრაობასთან დაკავშირება, შემდეგ კი შეუერთდა ემიგრანტთა პარტიზანულ მოძრაობას. 1944 წლის 18 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ქალაქ კარმოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში, სადაც ხალხმა ხელში აიტაცა და საპატიო მოქალაქეც გახდა, მიენიჭა საფრანგეთის არმიის კაპიტნის წოდება, მაგრამ არ გააგრძელა სამხედრო კარიერა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. საქართველოში ჯერ გმირად შერაცხეს, 1947 წლის პოლიტიკური წმენდის დროს კი "იმპერიალიზმის აგენტად" გამოაცხადეს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობას თავი 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ დააღწია.

ციხიდან გამოსულმა ვახტანგ სეხნიაშვილმა აკადემიკოს ვიქტორ კუპრავას დახმარებით შეძლო უნივერსიტეტში აღდგენა. მოგვიანებით ფრანგულ „ლე მონდში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ მთელი ფრანგული საზოგადოება აალაპარაკა და „კომენდანტი ვანია“, იგივე ვახტანგ სეხნიაშვილი საფრანგეთის მთავრობამ (2005 წელს) საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა და ერთბაშად ოთხი ფრანგული ქალაქის საპატიო მოქალაქეც გახდა. ის დაკრძალულია თელავში.

დიმიტრი ამილახვარი – დაიბადა 1906 წელს. საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. მისი მამა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე, გიორგი ამილახვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს. 1926 წელს დიმიტრი ამილახვარმა დაამთავრა სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში.

გერმანელების მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე ის ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერიტრეასა და სირიაში. 1942 წელს ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა „გათავისუფლების ჯვრით“. დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის უმაღლესი ორდენით.

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner