„იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში ინფიცირების დინამიკა იკლებს, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ბათუმში მოქმედი შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას. მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს პირბადის ტარება. ასევე მოვუწოდებ მოსახლეობას, ტრანსპორტში მგზავრობისას დაიცვან ყველა დაწესებული რეგულაცია“, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
✅ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები.
✅ მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება.
✅ აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
✅ აკრძალულია მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა.
✅ მუნიციპალური ავტობუსები იმუშავებს 21:00 საათამდე, ხოლო მიკროავტობუსები - 20:00 საათამდე.
✅ ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი.
✅ ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად მოწყობილია ბარიერები.
✅ მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება.
✅ დაწესებული რეგულაციების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.
✅ რაც შეეხება მუნიციპალურ სასადილოებსა და საბავშვო ბაღებს, სურსათის გაცემა გაგრძელდება ყველა საპრევენციო რეგულაციის მკაცრი დაცვით.