პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 30 000 ლარს შეადგენს.
ბრალდების მხარემ მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე, ასევე გადაყენებულნი იქნენ თანამდებობებიდან, რომლებსაც იკავებდნენ.
„ვშუამდგომლობთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, ეს ეხება თანამდებობიდან გადაყენებას. ბრალდებული ილიჩოვა გადაყენებულია, ხოლო მელაშვილს შეჩერებული აქვს უფლებამოსილება. მიგვაჩნია, რომ არსებობს ის სტანდარტი, რომელიც ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე, რომ ის ხელს შეუშლის გამოძიებას. ბრალდებული ივერი მელაშვილის სტატუსი, მისი წინარე ქმედება, ამ სამსახურს გაწეული აქვს საკუთარი ფუნქციები, რომელიც გამომდინარეობს დელიმიტაცია-დემარკაციიდან, აქედან გამომდინარე იარსებებს საფრთხე“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების გირაოს გარეშე, რამდენიმე პირის თავდებობის საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვენ. ადვოკატებმა თავმდებ პირებს შორის დაასახელეს ბათუ ქუთელია, ნინო გოგუაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და საბა ბუაძე.
სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.
დავითგარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.