logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: 200-ათასიანი მასშტაბის რუკის ელექტრონული ვერსიები ჩვენ ნატალია ილიჩოვას კომპიუტერშიც ვუპოვეთ
- +

28 იანვარი. 2021. 18:27

 

 

„200-ათასიანი მასშტაბის რუკის ელექტრონული ვერსიები ჩვენ ნატალია ილიჩოვას კომპიუტერშიც ვუპოვეთ. ასევე, მის კომპიუტერში ვიპოვეთ კარტოგრაფიული დოკუმენტი, რუკა ელექტრონული სახით, სადაც მონიშნული იყო ის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა და ტერიტორიები დავკარგეთ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ რუკაზე წითელი ხაზებითაა მონიშნული მონაკვეთები და იგი მეტყველებს, რომ ტერიტორია საქართველოს საზიანოდ გასხვისდა.

 

„როგორ მელაშვილი ადასტურებს ფარულ ჩანაწერში, რომ მას არ უნდოდა, მაგრამ ზემოდან დაავალეს და ამიტომ, დავით გარეჯის მიმდებარედ, ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა ეს მონაკვეთი, არანაკლები მნიშვნელობისაა ის კარტოგრაფიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ილიჩოვას კომპიუტერში ვიპოვეთ, სადაც დავით გარეჯის მონაკვეთი მონიშნულია, როგორც აზერბაიჯანის სასარგებლოდ და ჩვენს საზიანოდ შეთანხმებული მონაკვეთი. იქ ამ მონაკვეთზე განმარტებულიცაა, რომ 1938 წლის მდგომარეობით საზღვრის ხაზი ჩვენს სასარგებლოდ იყო და ასე უნდა შეთანხმებულიყო, თუმცა, მოგვიანებით, 50-იანი წლების შემდეგ ახალ რუკებზე საზღვარი ჩვენს საზიანოდ დაიბეჭდა, რომელიც არალეგიტიმურია და ამის ამსახველია იმ დოკუმენტზე მონიშვნა, რომელიც ილიჩოვას კომპიუტერში ვიპოვეთ. ესაა ის მცირედი ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ სასამართლოში მტკიცებულებად წარვადგინეთ. ამის გამო და არა მხოლოდ უნდოდა ილიჩოვას გადაემალა კომპიუტერი და გამოძიებას არ ამოეღო“, - განაცხადა წიკლაურმა.

 

მისივე თქმით, თუ ბრალდებულებს გამოძიებისთვის დასამალი არაფერი ჰქონდათ და საქართველოსთვის საზიანოდ არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი დავითგარეჯთან, რატომ სურდათ მათ გარკვეული დოკუმენტების გადამალვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner