„ცხადია დარჩა კითხვა, რა მოხდა 2006 წელს? რა მოხდა 2012 წელს? რატომ დავტოვეთ საზღვარი და რატომ აცხადებდნენ ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები, რომ ეს აღარ არის საქართველოს ტერიტორია და თითქოს, ეს საბჭოთა პერიოდში ეკუთვნოდა აზერბაიჯანს, რაც იყო ტყუილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„გამოძიება წავიდა საკმაოდ შორს და როგორც ამ დღეებში გავიგეთ, სავარაუდოდ უკვე გავიდნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკის შემქმნელები იყვნენ და ამ კვალზე გაყვანაში გარკვეული როლი მიუძღვით დღეს გათავისუფლებულებს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება დასრულებულია და ბრალდებულები მტკიცებულებების გაყალბებას ვეღარ შეძლებენ, მათი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა აღარ იყო.
„რადგან გამოძიების ეტაპი დასრულებულია, რადგან პროკურატურა ამბობს, რომ მათ აქვთ ყველა მტკიცებულება, რომ რეალურმა დამნაშავეებმა პასუხი აგონ და რადგან სასამართლოს არსებითი განხილვა დაწყებულია, პროკურატურამ ჩათვალა, რომ აღარ აქვს აზრი ამ ორი ადამიანის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას.
ზოგადად წინასწარი პატიმრობა დამოკიდებულია არა იმდენად დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ რა გავლენა შეუძლია მოახდინოს განსასჯელს მტკიცებულებების გაყალბებაზე, გაქრობაზე, თუ უამრავ სხვა რამეზე“, – განაცხადა სუბარმა.