გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა დღეს, სოფელ დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში უძველესი წარწერები დაათვალიერეს.
ამ დრომდე არსებული კვლევების მიხედვით, ტაძარი გვიანი ფეოდალური ხანით თარიღდება, თუმცა მის აღმოსავეთის კედელზე და ინტერიერში ახალაღმოჩენილი წარწერები, მკვლევარების აზრით, IX საუკუნისაა. კვლევა დიცის ტაძარში ერთი წლის წინ პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა დაიწყო და როგორც ისტორიკოსები აცხადებენ, ის ერთ-ერთი უძველესია პატარა ლიახვის ხეობაში.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უნდა იყოს უძველესი ნასახლარი ან სამონასტრო კომპლექსი. ამის დასადასტურებლად ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დაწყებაა საჭირო.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი მკვლევარებს არქეოლოგიურ გათხრებში მხარდაჭერას დაჰპირდა და ჟურნალისტებთან ამ უძველესი წარწერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უძველეს ტაძარში. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ტაძარი ბევრად უფრო ადრეულ პერიოდშია აგებული, ვიდრე დღეს არის მიჩნეული, რისთვისაც არქეოლოგიური გათხრებია საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლება შეეცდება, ამ ისტორიული ძეგლის აგების ზუსტი თარიღის დადგენაში თავისი წვლილი შეიტანოს, რაც მნიშნელოვანი იქნება როგორც ქვეყნის ისტორიისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისათვის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.