„მე რომ ვიყო ივერი მელაშვილის ადვოკატი, მივაცილებდი მას საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის განაჩენის დადგომამდე მედიასთან არ გამოჩენილიყო. ციხის დატოვების შემდეგ მან აჩვენა, რისთვის იღწვოდა როგორც მომლაპარაკებელი“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„რეალურად, უკვე მეორე დღეა ივერი მელაშვილი იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარაფერი დარჩა. მან ღიად თქვა ის, რასაც პროკურატურა ედავება - ის რაც არაა შენი, როგორ იქნება შენი. პირველ რიგში ის არის თავისი თავის მსხვერპლი, რადგან მან ვერ გაიგო, რაში ედება ბრალი. მას უნდა ავუხსნათ, რომ ბრალი ედება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაში. სისხლის სამართლის კოდექსი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იმდენად ფრთხილად ექცევა, რომ ქმედებას, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის, უკვე დანაშაულად შერაცხავს. მგონია, რომ ეს ყველაფერი ამ ადამიანმა ვერ გაიგო. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, ამტკიცებს იმას, რომ პროკურატურა არ ტყუის. რას იტყვის სასამართლო ეს მეორე საკითხია, მაგრამ თუკი პროკურატურას ჰქონდა ის გათვლა, რომ ეს ადამიანი თვითონვე აჩვენებდა საზოგადოებას, სავარაუდოდ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა ჩავთვალოთ, რომ მათ ეს გამოუვიდათ. უკვე მეორე დღეა, ივერი მელაშვილი ეთერიდან გვიქადაგებს იმას, რასაც ედავება პროკურატურა, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. ამას ამბობს მომლაპარაკებელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით ვითომდა სახელმწიფო საზღვრებს იცავდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.