საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „ტვ პირველის“ ეთერში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ დავით გარეჯი საქართველოს მიწა, სალოცავია და მას არ აქვს უფლება თქვას, რომ ეს ტერიტორია საქართველოსი არ არის.
„ტელეკომპანია „პირველზე“ გადაცემას ვუსმენდი, სადაც ამბობდნენ, რომ, აი, ორ საათში ხალხმა რამდენი ფული გადმორიცხა. შეხედეთ, როგორი მხარდაჭერა აქვს მელაშვილსო. ეს ხალხი ქუჩაში გამოსაყვანად გინდათ? დავით გარეჯის თემას იმისთვის უტრირებთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოთ? ამ საკითხზე ხალხი ქუჩაში არ გამოვა. საზოგადოება ჩამოყალიბდება და განაჩენს თავად გამოიტანს. თუმცა ეს მარტივი თემა არ არის. ვიმეორებ, ეს არის კავკასიური ცარცის წრე, საიდანაც ჩვენ ასე იოლად ვერ გამოვალთ. ეს ჩვენი მიწაა, საცხოვრისია, სალოცავი, ჩვენი საერთოა. როგორ უნდა თქვას კაკო ბობოხიძემ, რომ ჩვენი ტერიტორია არ არისო. აკაკის ამისი უფლება ვინ მისცა. სამშობლო რასაც ჰქვია, ყველას ერთი გვაქვს“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
ხათუნა ხოფერიამ ამავე ტელეკომპანიის ეთერში ასევე განაცხადა, რომ 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური საქართველოს ტერიტორია არ არის. სწორედ ამიტომ, ხოფერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ქვეყნის ერის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.