logo_geo
eng_logo
მალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

31 იანვარი. 2021. 10:42

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მის მოადგილესთან ნუკრი ხასიასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად გაეცნო.

 

„სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ამჟამად 11 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, წელს დამატებით კიდევ 9 საბავშვო ბაღს ავაშენებთ. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ჩვენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში გავეცანით, სადაც სხვადასხვა უბნებში 50 და 30 ბავშვზე გათვლილი ორი საბავშვო ბაღი შენდება. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ახალი ინვენტარი ხელს შეუწყობს ჩვენს აღსაზრდელებს სკოლამდელი განათლება კომფორტულ გარემოში მიიღონ“, - აღნიშნა მალხაზ თორიამ.

 

ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კი სამი საბავშო ბაღი შენდება - ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს.

 

2013 წლიდან დღემდე მარტვილის მუნიციპალიტეტში აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner