რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. შესაბამის ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“ ავრცელებს, რომელიც რუსეთში პოლიტიკური დევნის თემებზე მუშაობს.
ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ანტისამთავრობო აქციები რუსეთის ქალაქებში დილიდან დაიწყო. საპროტესტო გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნის თანაგუნდელების, ახლობლების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერის ძმა, ასევე ნავალნის თანაგუნდელი ლიუბოვ სობოლო, რომლებსაც შინაპატიმრობა შეუფარდეს.
უფლებადამცველების მონაცემებით, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი ადამიანი ვლადივოსტოკშია დაკავებული. უკვე არიან დაკავებულები დედაქალაქ მოსკოვშიც. მოსკოვში დემონსტრაციასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ქუჩები გადაკეტეს. ასევე დახურულია მეტროსადგურების ნაწილი.