„ეს არის უმაღლესი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ ვის უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუ არა სააკაშვილს?!“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავითგარეჯის საქმეზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.
იგი ბოლო დღეებში ივერი მელაშვილის ტელე-ეთერით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
,,ამ თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს მასირებული პროპაგანდა და საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი სააკაშვილისა და მის გუნდის წევრების, მისი არხების მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ როგორმე ჩაიფარცხოს ეს საქმე, გადაკვალიფიცირდეს, როგორც „კარტოგრაფების საქმე“ და ფარდა არ აეხადოს მის ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატეობრივ საქმიანობას.
დავით გარეჯის საქმე არის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში და მაგალითი სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი საქმიანობის. ადამიანი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20% გადასცა რუსეთს; 100-ზე მეტი სოფელი, ცხინვალი - ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოიხსენია, როგორც ქვების გროვა, რა თქმა უნდა, არ მიკვირს, რომ ასეთ ადამიანს არანაირი ემოციური, მორალური კავშირი არ ჰქონდეს დავით გარეჯთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისთვის რთული იყო იმის მოსმენა, რაც ივერი მელაშვილმა ტელე-ეთერით განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
„ეს იყო ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენი ბატონ მელაშვილის აღიარება, რაც მან თქვა. ასევე მძიმე მოსასმენი იყო სააკაშვილის გუნდის წევრების ჩაყოლა ამ საქმეში და მათი აღიარებაც, რაც ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის შეფასებით, არის ღალატი და დასაგმობი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის უმაღლესი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ ვის უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუ არა სააკაშვილს?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.