logo_geo
eng_logo
მაიკლ გალერი: ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ - თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან უფრო რელევანტურია!
- +

1 თებერვალი. 2021. 11:19

 

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო კრიზისისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის აქტუალურობიდან გამომდინარე, სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელს, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერს ესაუბრა.

 

სააგენტოსთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი გალერი ვრცლად განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. ამას გარდა, ინტერვიუ შეეხო მიმდინარე კოვიდპანდემიასაც, სადაც ევროპარლამენტარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში ვაქცინაციის პროცესის პოლიტიკური ასპექტები მიმოიხილა.

 

- 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, შესაბამისად, კონვენციაში გაწერილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. საქართველოში ეს გადაწყვეტილება „ისტორიულად“ შეფასდა. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ამ გადაწყვეტილებას, როგორც პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსტრუმენტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ?

 

- გადაწყვეტილებამ ადგილზე არსებული ვითარება დაადასტურა - იქ რუსული დე-ფაქტო მმართველობაა, შესაბამისად, რაც იქ ხდება, მასზე რუსეთია პასუხისმგებელი. ვშიშობ, რომ ისინი ამ ვერდიქტს დააიგნორებენ, როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა, თუმც საერთაშორისო დისკუსიისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობების მხრივ, სასამართლოსგან ასეთი ახსნა-განმარტება მნიშვნელოვანია.

 

- აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტი მარტში უნდა შედგეს. როგორც ვიცით, 1 იანვარს პორტუგალიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა და ერთ-ერთ პრიორიტეტად „გლობალური ევროპა“ დასახა. დისკუსიები არ წყდება ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიურობის საჭიროების შესახებაც. გამომდინარე აქედან, როგორ ფიქრობთ, შეიძლება მომავალი სამიტი ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროპული ინტეგრაციის მხრივ საკვანძო აღმოჩნდეს? განსაკუთრებით საქართველოსთვის, თუ მხედველობაში მმართველი გუნდის იმ დაპირებას მივიღებთ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2024 წლისთვის ევროკავშირის გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის მზად უნდა იყოს?

 

- პირველ რიგში, სამიტი იმას შეაფასებს, თუ სად ვიმყოფებით ახლა. ჩვენ 6 პარტნიორი სახელმწიფო გვყავს, სადაც მდგომარეობა სხვადასხვაგვარია. ბელარუსში ოპოზიცია დიქტატორის წინააღმდეგ იბრძვის; სამწუხაროდ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი ვიხილეთ და შედეგად ჩვენ ახლა მასზე კონცენტრირება გვჭირდება. ჩვენ აქ ერთ-ერთი აქტორი ვართ, მაგრამ არა მთავარი. ამის მიუხედავად, საჭიროა, რომ ჩვენ მათ დიალოგის შესაძლებლობების მთელი სპექტრი შევთავაზოთ და რეკონსტრუქციაში დავეხმაროთ. ვფიქრობ, პოზიტიური როლის შესრულება შეგვიძლია, რადგან ავტომატურად რომელიმე მხარის პოზიციას არ ვიკავებთ - სამართლიან შუამავლად ვითვლებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხზე ვართ კონცენტრირებული - ლტოლვილები არ გვსურს, არ გვინდა, რომ ხალხს აძევებდნენ - გვსურს, რომ ადამიანებმა იქ დაბრუნება შეძლონ, სადაც მათ ეს ეკუთვნით. ამისთვის ნდობაა საჭირო. ვფიქრობ, თუ მხოლოდ რუსეთი და თურქეთი იქნებიან მსხვილი მოთამაშეები, ეს რეგიონს არ წაადგება - არც ხალხს, რომელსაც ეს ვითარება შეეხო და არც პირდაპირ მეზობლებს, როგორიც საქართველოა - შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მათ კონსტრუქციული ჩართულობა უნდა შევთავაზოთ.

 

ამას გარდა, ჩვენ გვყავს 3 სახელმწიფო, რომლებმაც, ასე რომ ვთქვათ - სავსე თეფში აირჩიეს - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება - ეს ქვეყნები უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან. ამჟამად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები - არჩევნების შემდგომ, მოლდოვის პრეზიდენტი მკვეთრად პროევროპული მაია სანდუ გახდა და იმედია, საპარლამენტო არჩევნებიც არ დააყოვნებს, რადგან მოლდოვაში პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ფიგურაა და არა აღმასრულებელი. ამიტომ, მომუშავე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობაა საჭირო - იმედი მაქვს, ის პროევროპული იქნება. უკრაინაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ძველი ძალები შეტევაზე გადმოდიან და რეფორმების სრული პაკეტის ჩაგდებას ცდილობენ - ეს რეალური საფრთხეა, მაგრამ გვჯერა, რომ უკრაინაში არსებობენ ძალები, რომელთაც მხარს ევროპული განვითარების მომხრეები უჭერენ და რომლებიც შეძლებენ, რომ რეფორმების კურსს არ გადაუხვიონ.

 

რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირმა გასულ წელს, პოლიტიკური შფოთების დროს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. მათ ადგილზე მოლაპარაკებებისა და მედიაციის სახით სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მაგიდის ირგვლივ შეკრიბეს და შეთანხმების მიღწევა შეძლეს. მესმის, რომ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ შექმნილი უხერხული სიტუაცია კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანაბარი გარემო - ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ყოველთვის ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ. თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია. და მაინც, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც კომფორტული უმრავლესობა აქვს. როდესაც არჩევნებზეა საუბარი, თუ როგორ ჩატარდა ის, ყოველთვის ვამბობ, რომ არაერთ არჩევნებს დავკვირვებივარ, ბოლოს საქართველოშიც (2020-ს არ ვგულისხმობ), არჩევნები მთლიანი პროცესია, სამართლებრივი მოწყობით, მომზადებით, ის მხოლოდ საარჩევნო დღე არ არის, ან ის თუ რამდენად სწორად ითვლიან ხმებს, ან არიან თუ არა საარჩევნო უბნებთან ხალხი, რომლებიც დამაშინებლად გამოიყურებიან. მე ეს ადრეც მინახავს და ჩვენ ეს ახლაც ვნახეთ. ეს ცუდი ჩვევებია, ამ რეალობის წინაში ამომრჩევლები არ უნდა იდგნენ. ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმებების შესრულებას ვითხოვთ, რომელიც კარგ მმართველობას და დემოკრატიულ მოწყობას ეხება. შესაბამისად, სამიტისას ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის შესახებ დეტალურ შეფასებებს ვაკეთებთ. რაც გასაკრიტიკებელი იქნება გავაკრიტიკებთ, ხოლო ის, რაც მისაღებია - მიღებული იქნება, თუმცა, საერთო ჯამში, იმას, რაზეც საქართველოსთან შევთანხმდით, დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს თქვენი შესასრულებელია. მაგრამ ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ მეტი გვაქვს შესათავაზებელი - არ უნდა ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის გასული 10 წელი არის ის, რაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა ვნახოთ - არა, მეტია საჭირო, უფრო ამბიციური დღის წესრიგი, თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, იმისთვის, რომ ევროკავშირის პროგრამებსა და კოოპერაციის შესაძლებლობებში ჩაერთოთ. რაღაც მომენტში ვისურვებდი, რომ საქართველომ წევრობაზე განაცხადი გააკეთოს მაშინ, როცა ყველაფერ იმას გააკეთებს, რაც გასაკეთებელი აქვს, თუმცა ამჟამად, სამწუხაროდ, ამ წერტილამდე ჯერ ნამდვილად არ მისულხართ. მე ვხედავ, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკაში ნამდვილი კონსენსუსია. სამოქალაქო საზოგადოებაშიც - იქ ბევრი ადამიანია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურობენ. შესაბამისად, მომავალი ოპტიმიზმითაა სავსე, მაგრამ ამჟამად, პოლიტიკური პოლარიზაცია იმისკენ არ მიანიშნებს, რომ ქვეყანა ნამდვილად სწორ კურსზეა - მიმდინარე შიდა მღელვარების გამო.

 

- ოპოზიციის ბოიკოტის საკითხი რომ განვავრცოთ - ვფიქრობ, ოპოზიციის ზოგადი ნარატივი ევროკავშირის პოზიციისგან ოდნავ განსხვავდება, რადგან „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ორი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში, რომლებიც ამავე დროს ევროპული სახალხო პარტიის წევრები არიან - ფიქრობენ, რომ არჩევნები ისეთი გადაცდომებით ხასიათდებოდა, რომელთაც საბოლოო შედეგის შეცვლა შეეძლო. ეს მათთვის მთავარი პრობლემაა და აქედან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ პრობლემები პარლამენტის შიგნით ვერ მოგვარდება - მათი აზრით, იქ ყოფნა უბრალოდ არალეგიტიმურია. შესაბამისად, ისინი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ…

 

- მესმის, მაგრამ იმ არგუმენტების წამოწევა, რომლებიც მათ აქვთ, პარლამენტში სჯობს, ვფიქრობ, ამას საზოგადოებაზეც მეტი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე მაგალითად, ამის პრესკონფერენციაზე გაკეთების დროს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც უნდა იკამათო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ მმართველი პარტია არასწორად იქცეოდა. თუ ისინი ამას საპარლამენტო სესიაზე მოისმენენ, ვფიქრობ, ამას სხვა ეფექტი ექნება. მაგალითად, როცა საქმე მტკიცებებს ეხება - როცა გადახედვაზე ან გამოძიებაზეა საუბარი, ვფიქრობ, რომ მან ყველა ასპექტი უნდა მოიცვას, ის მხოლოდ გადათვლას არ უნდა ეხებოდეს. როგორც წინა ჯერზე ვთქვი - არჩევნები სხვადასხვა გარემოების ერთიანი პროცესია და როდესაც ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მტკიცებებს, ეს გამოძიების ნაწილი უნდა იყოს. მმართველი გუნდი კონკრეტულ ასპექტებს ეთანხმებოდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. იმას ვგულისხმობ, რომ მიღებულმა ხმებმა საკმაოდ დიდი შედეგი აჩვენა. არასამართლიანად ან არასწორად მიღებული ხმების ჩამოკლების შემთხვევაშიც, დარწმუნებული არ ვარ, რომ საპირისპირო შედეგს მივიღებდით. ვიცი, რომ ეს ორი პარტია ჩვენი პარტნიორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არგუმენტებს ავტომატურად 100%-ით მივიღებ. ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებთ - განსაკუთრებით, როცა ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეხება. ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს. მახსოვს პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს, იმჟამინდელ მთავრობასაც ვაკრიტიკებდით და ამჟამინდელსაც, რადგან ჩემი არგუმენტი ისაა, რომ დღის წესრიგი იგივეა - მიუხედავად იმისა, თუ ვინაა მთავრობაში ან ოპოზიციაში. თუ ევროპული დღის წესრიგი, რომელიც გვიახლოვდება, გაზიარებულია (ვნახე საპარლამენტო რეზოლუციაც, რა თქმა უნდა, ისინი ვინც მანდატებზე უარს ამბობენ მათი ნაწილი არ არიან), ვფიქრობ ეს ევროპული გზაა. ეს ძალიან ფართო დღის წესრიგი და კონსენსუსია, ალბათ, საჭიროა, ასეთი მნიშვნელოვანი და არსებითი პოლიტიკის გარშემო მოიძებნოს საერთო პოზიციები. ჩვენ ვხედავთ, რა შეიძლება მოხდეს სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნებშიც - ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს შეშლილ ბიჭს, ყოფილ პრეზიდენტს, შეუძლია საქმე იქამდე მიიყვანოს, როცა ისეთ დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკაა, ხალხი პარლამენტს თავს ესხმის, აღარ უსმენს ერთმანეთს და აღარ სჯერათ არაფრის. ასეთი შემთხვევები ჩვენს მხარესაც ხდება. მსგავს სიტუაციებს, სადაც პოლიტიკური დიალოგი შეუძლებელია და გარშემო უნდობლობაა, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ვერ გაწვდება. ყოველი პოლიტიკური თამაშისთვის მთავარი ხალხია. ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დემოკრატიით განვითარება მოდის, განვითარება მათთვის და არა მხოლოდ იმ ბედნიერი უმცირესობისთვის, რომელიც ამით ხეირობს. ზოგადად, იმ გზას, რომელზეც საქართველო დგას, უნდა ჰქონდეს პერსპექტივა, რომელსაც ენდობიან - ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ ვისაც ირჩევენ, ისინი სანდოები არიან და ხალხისთვის მუშაობენ. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ალტერნატივების სახით ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი გყავს, თავიანთი რეპუტაციებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და არჩევანი გაქვს გასაკეთებელი - ალბათ, ხალხის ნაწილი ცოტათი უიმედოდაა, ასე რომ ვთქვათ.

 

- 16 იანვარს, ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირს მოუწოდეს, სამეზობლოს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, კოვიდ-ვაქცინაზე წვდომის გაადვილებაში დახმარებოდა. მალევე, ევროკომისია ინიციატივით გამოვიდა, ევროკავშირს ვაქცინების დამატებითი ოდენობა ნაწილობრივ მეზობელი სახელმწიფოებისთვის შეეძინა. როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ, რომ ახლო მომავალში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა შესაძლოა ევროკავშირისგან ვაქცინების გარკვეული რაოდენობა მიიღონ?

 

- ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც ვაქცინა ყველას ერთიანად სჭირდება. ეს პრობლემა ევროკავშირშიცაა და უახლოეს სამეზობლოშიც - დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ სამეზობლოშიც, რა თქმა უნდა, სამხრეთ სამეზობლო ამ პრობლემის წინაშე უფრო მწვავედ დგას. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ მათი განაწილება თქვენთვის შეგვეძლება. იმედი მაქვს, რომ ის დეფიციტი, რომელიც ახლა გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უახლოეს პარტნიორებს მომარაგება სჭირდებათ, იმიტომ, რომ, როგორ ვთქვა, იქ არასასურველი აქტორებიც არიან, რუსეთს ვგულისხმობ - თუ ისინი შეძლებენ, თავი მოაჩვენონ, რომ მხოლოდ ისინი წევენ დახმარებას, ეს პოლიტიკური დისკუსიისთვის საშინელი იქნება. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოსთვის მხოლოდ „სპუტნიკის“ ვაქცინაა ხელმისაწვდომი, ეს პოლიტიკურად არასასურველი იქნება. შესაბამისად, ამ პერსპექტივის გასაზიარებლად სრულად მზად ვართ. ამ საკითხში ექსპერტი არ ვარ - ჩემს საკუთარ უბანსაც ვერ ვპირდები ვერაფერს - ვაქცინების დეფიციტის გამო ვაქცინაციის პროცესი ვერ დაიწყო და ეს ფრანკფურტთან სულ ახლოს ხდება, შუა გერმანიაში - წარმოიდგინეთ, როგორ სიტუაციაა აქ. მე მესმის საქართველოს და სხვა ქვეყნების საჭიროებები, მაგრამ ახლა პროდუქციის საჭიროების და ამავე დროს მისი დეფიციტის პრობლემის წინაშე ვართ.

 

- თბილისი ხშირად თავს იკავებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან. თბილისს პოზიცია ბელარუსის არჩევნებზე და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე არ დაუფიქსირებია, იგივე მოხდა ნავალნის შემთხვევაშიც, მისი მოწამვლისა და ახლა უკვე დაკავების შემდეგ. ფიქრობთ, რომ საქართველოს პასიურობა ამ მხრივ გამართლებულია? იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილი მაგალითები იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც თბილისი უნდა იბრძოდეს, მსგავსად ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, რომლებიც ამას წლებია აკეთებენ.

 

- რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები პრინციპულ პოზიციას იკავებდნენ. როდესაც ბელარუსის მოვლენებს ვუყურებთ, ჩვენ ყველანი ერთი და იმავეს ვხედავთ - საქართველოს, უკრაინას, პოლონეთს, ან გერმანიას, ან იტალიას, რამდენიმე წევრი და მეზობელი სახელმწიფო რომ ჩამოვთვალოთ, განსხვავებული აღქმები არ აქვთ. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირის პოზიციებს უერთდებიან. როდესაც ბელარუსის დემოკრატიულ განვითარებას მხარს უჭერ, ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მისაღებია. როცა ამას არ აკეთებ, ამას ხედავენ. ჩვენ თქვენ არ მოგიწოდებთ, რომ რამე გააკეთოთ, თუმცა, ყოველთვის მივესალმებით, როდესაც იმას აკეთებთ, რაც ჩვენს ხაზს მიესადაგება. ყოველთვის ვისურვებდი, რომ საქართველო, რომელიც ევროპული გზის ერთგულია, ამ გზაზე სიარულის პარალელურად თავის თავს ნათლად გამოხატავდეს და შესაბამისად, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში ადამიანის უფლებები ირღვევა, პოზიციას აფიქსირებდეს. მესმის, რომ როდესაც თქვენი ორი პირდაპირი მეზობელი ერთმანეთის წინააღმდეგ ომშია ჩართული, ეს ძალიან სენსიტიურია. როდესაც საქმე ამ ორ ქვეყანას ეხება, ჩვენი მხრიდან ვერაფერს ვერ გირჩევდით, იმიტომ, რომ მათი უახლოესი მეზობელი ხართ და განცხადებების შემდგომ დამდგარ შედეგებსაც თქვენ უნდა გაუმკლავდეთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აქ პოზიციის დაკავება თქვენი სრული ავტონომიაა.

 

- დაბოლოს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას რომ შევეხოთ, როგორც იცით, ივანიშვილმა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკას არჩევნებიდან ორი თვის თავზე ჩამოშორდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ვნებს ეს ქართულ პოლიტიკაში ანგარიშვალდებულებას, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ახლა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის წინაშეა?

 

- ჩვენ მისი წასვლა და მოსვლა რამდენჯერმე გვინახავს. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის მიდის. ჩემი სპონტანური რეაქცია იყო - ეს სიმართლეა? მართლა 65 წლის ასაკში გადის პენსიაზე? მას ეს მართლა სურს, თუ უკანა პლანიდან სურს გაძღოლა, იმის გათვალისწინებით, რომ დანიშნულ ადამიანებს ენდობა და ისინიც ენდობიან მას, მადლიერების ნიშნად - ამ პოზიციებზე ყოფნისთვის. ვხედავ რასაც ამბობს, ვხედავ, რომ მისი მემკვიდრე ირაკლი კობახიძეა - მე მას ვიცნობ, ადრე შევხვედრილვართ - რა თქმა უნდა, მას წარმატებებს ვუსურვებ, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ყველა პირს ვუსურვებდი წარმატებას მეზობელ ქვეყანაში. ვიმედოვნებ, რომ ირაკლი იმ მდგომარეობაში იქნება, რომ ოპოზიციასთან ამ ეტაპზე აუცილებელი დიალოგი დაიწყოს. მეორე მხრივ, ვიმედოვნებდი, რომ ოპოზიციაც იმ მდგომარეობაში იქნება, რომ პასუხის გაცემას შეძლებს. მაშინ, როდესაც ყველაფერს კოვიდის საკითხი ფარავს და ყველა იმ პრობლემას ამძაფრებს, რაც გვაქვს, საუბარი დიალოგზე უნდა იყოს და არა კონფრონტაციაზე. როდესაც პოლიტიკა გაგრძელდება, ხალხი გააცნობიერებს, ბიძინა მართლა პენსიაშია თუ უკანა პლანიდან მოქმედებს - ხალხმა ეს უნდა გადაწყვიტოს და შეაფასოს. როგორც წესი, როდესაც თავმჯდომარედ ერთხმად გირჩევენ, იმის უფლებამოსილება უნდა გქონდეს, რომ გადაწყვეტილებები და მხარდაჭერა მიიღო, არ უნდა გქონდეს განცდა, რომ უკანა ეზოში სხვაა და იქიდან წყვეტს საკითხებს. თუმცა, ვნახოთ. ძალიან შორს ვარ იმისთვის, რომ კულისებს მიღმა დეტალებს ვიცნობდე. მაგრამ, როგორც ვთქვი - ჩემი სპონტანური რეაქცია ასეთი იყო - მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა, მთელი თავისი კავშირებით, უბრალოდ წავიდეს? - როგორც წესი, ეს ასე არ ხდება.

 

გიორგი ჯღარკავა

 

„ინტერპრესნიუსი“

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/639863-maikl-galeri-qvelas-movucodeb-rom-parlamentshi-adgilebi-daikavon-tu-archevnebis-gakritikeba-gsurs-amis-gaketeba-saparlamento-scenidan-upro-relevanturia

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner