logo_geo
eng_logo
სერგო ორჯონიკიძე და მისი სამუდამო სიყვარული - მანანა აბაზაძე
- +

7 ივლისი. 2016. 12:15

სერგო ორჯონიკიძემ და მანანა აბაზაძემ ერთმანეთი 1962 წელს, „მე ბებია, ილიკო და ილარიონის“ გადაღების დროს გაიცნეს. ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის სიუჟეტი გურიაში ვითარდება და ოლღა ბებიასა და მისი მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში გაზრდილი ობოლი ბიჭის ისტორიას გვიამბობს. ზურიკელას უყვარს ბებია, ილიკო, ილარიონი, მურადა და თანაკლასელი გოგონა მერი.

ფილმის გადაღებიდან 50-ზე მეტი წელი გავიდა, მაგრამ გურული იუმორი და წმინდა ადამიანური ღირებულებები მაყურებელს დღემდე იზიდავს. ალბათ, ეს გახდა ფილმის წარმატების მთავარი საიდუმლოც. ყველაფერი კი ასე იწყებოდა...

 

1962 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მთავარი როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდა. ბოლოს, უნივერსიტეტის „ბირჟაზე“ აღმოაჩინეს 14 წლის სერგო ორჯონიკიძე, რომელიც თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ  ტანაშოლტილი ბიჭი იყო (183 სანტიმეტრი) და კალათბურთს თამაშობდა. თენგიზ აბულაძის ასისტენტმა ბიჭს კინოში გადაღება შესთავაზა და კინოსტუდიაში დაიბარა. თავიდან ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე სერგო ორჯონიკიძე აირჩია და არც შემცდარა - ფილმმა „ზურიკელას“ არნახული პოპულარობა და წარმატება მოუტანა.

 

თენგიზ აბულაძე სერგოს მუდამ ზურიკელას ეძახდა და ტიტრებშიც ასე ჩაუწერა. ილარიონის როლზე აკაკი კვანტალიანის კანდიდატურა განიხილებოდა, ხოლო ილიკოს როლზე ვახტანგ ნინუას ან გიზო სიხარულიძეს მოიაზრებდნენ. საბოლოოდ, ილიკოს როლზე - სანდრო ჟორჟოლიანი, ხოლო ილარიონის შემსრულებლად გრიგოლ ტყაბლაძე დამტკიცდა.

 

ოლღა ბებიას როლზე შერჩევისა და სასინჯი გადაღებების გარეშე დაამტკიცეს სესილია თაყაიშვილის კანდიდატურა.

 

ოლღა ბებია საუკეთესო თეატრალურ და კინოსახეთა ქართულ საგანძურშია შესული.

 

უფრო რთული აღმოჩნდა ზურიკელას შეყვარებულის - მერის კანდიდატურის შერჩევა. რეჟისორმა კინოსინჯებზე მისული ყველა გოგონა დაიწუნა. ბოლოს მანანა აბაზაძეს ბიჭვინთაში გადასაღებ მოედანზე მიაგნეს. რუსი რეჟისორი კუბის რევოლუციაზე ფილმს იღებდა, რომელშიც 12 წლის მანანა კუბელ გოგონას თამაშობდა. აბულაძე მანანას მშობლებს მოელაპარაკა და გოგონა ბიჭვინთიდან თავის ფილმში სათამაშოდ წამოიყვანა.

ფილმი ლეჩხუმის რაიონის სოფელ ლაილაშში გადაიღეს.

 

თენგიზ აბულაძის შედევრმა ეკრანებზე გამოსვლისთანავე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და აღიარება.

 

საინტერესოდ განვითარდა მთავარი როლების შემსრულებელთა ცხოვრება. „ზურიკელამ“ აასრულა ოლღა ბებიას ოცნება: „ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო“. სერგო ორჯონიკიძე ცნობილი კარდიოლოგია და ავადმყოფობის დროს სესილია თაყაიშვილს გვერდიდან არ მოსცილებია. მანანა აბაზაძე მოცეკვავე გახდა…

 

თენგიზ აბულაძე თავის აღმოჩენილ მსახიობებს სხვა რეჟისორებისთვის ვერ იმეტებდა, მაგრამ 4 წლის შემდეგ მანანა აბაზაძემ გიორგი შენგელაიასთან „მაცი ხვიტიაში“ ეკა ითამაშა, რამაც თენგიზ აბულაძე ძალიან გაანაწყენა.

 

პოპულარობასა და წარმატებასთან ერთად, აბულაძის ფილმმა მსახიობებს დიდი გრძნობაც მოუტანა. სერგო ორჯონიკიძესა და მანანა აბაზაძეს თავად დიდი რეჟისორი უბიძგებდა ერთმანეთისკენ, თითქოს გრძნობდა, რომ ისინი მართლაც ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები. ფილმის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ, 1968 წელს „ზურიკელა“ და „მერი“ რეალურად დაქორწინდნენ და ლამაზი ქართული ოჯახი შექმნეს.

 

„სულ ორ ფილმში ვითამაშე, აქედან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად ზურიკელას დავემსგავსე. ოლღა ბებია ხომ ოცნებობდა, მისი შვილიშვილი დოხტური გამოსულიყო. მე მართლაც ექიმი გავხდი. ზურიკელასა და მერის სიყვარული კი მე და მანანამ ცხოვრებაში გავაგრძელეთ და ამით თითქოს ფილმიც გაგრძელდა. თენგიზი სულ გვეუბნებოდა, ვიცი, რომ თქვენ დაქორწინდებითო. ნოდარ დუმბაძე ამბობდა, თქვენი ოჯახი ჩემი შექმნილიაო“, - ამბობს სერგო ორჯონიკიძე.

 

„მე და სერგო თანატოლები ვიყავით, ამიტომ საერთო ენა ადვილად გამოვძებნეთ. თავიდან ვმეგობრობდით, გრძნობა კი მერე და მერე მოვიდა. ამაში ბატონმა თენგიზმაც დიდი წვლილი შეიტანა. როცა მოსკოვში კინოფესტივალზე წაგვიყვანა, ყველგან თან დაგვატარებდა. კინოფესტივალის შემდეგ მე და სერგო შეყვარებულები გავხდით. თენგიზ აბულაძეს სურვილი შევუსრულეთ, რადგან მას ძალიან უნდოდა, ჩვენ საბოლოოდ ერთად ვყოფილიყავით“, - ამბობს მანანა აბაზაძე.

 

 

„მე და მანანას სიყვარულის ახსნის სცენა არ გამოგვდიოდა. ამაზე თენგიზი გადაირია, თავის ოთახში ჩაგვკეტა, თვითონ შეხვედრაზე წავიდა და დაგვიბარა, რომ 11 საათზე დაბრუნდებოდა და მის მოსვლამდე რეპეტიციები გაგვევლო. გადაღებისთვის ერთი დღეღა გვქონდა დარჩენილი. თანაც ისიც გვითხრა, ერთი სცენა კოცნით უნდა დამთავრდეს, მეორე - კოცნის გარეშე და მერე მე გადავწყვეტ, რომელი აჯობებსო“, - ამბობს სერგო ორჯონიკიძე.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner