ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „Novavax“-ის ქარხანაში, აპრილიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება და მსოფლიო ბაზარზე გატანა უნდა დაიწყოს. საწარმო პრაღის მახლობლად მდებარეობს.
პრემიერის განცხადებით, პრეპარატი ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში გამოცდას გადის. მისი ეფექტურობა 90%-ია. „Novavax“ 2021 წელს მილიონი დოზა ვაქცინის გამოშვებას გეგმავს, რომელთა ნაწილი სწორედ ჩეხეთში იქნება წარმოებული.
ჩეხეთში ვაქცინაცია გასული წლის 27 დეკემბერს დაიწყო. ქვეყანამ ამ დრომდე 372 765 დოზა ვაქცინა მიიღო. ჩეხეთს შეკვეთილი აქვს ამერიკული „Moderna“-ს, „Pfizer“-ისა და მისი გერმანული ვარიანტის - „BioNTech“-ის ვაქცინები.
https://report.ge/world/chekheti-koronavirusis-vaktsinis-tsarmoebas-itsqebs/