ზაფხულის სეზონში სიცხის გააქტიურებასთან ერთად, აქტუალური ხდება კვების პრობლემატიკაც. ხშირად ჩვენი საყვარელი პროდუქტი სპეციფიკურ შენახვას და პირობებს საჭიროებს, ამიტომ „პრაიმტაიმი" დაინტერესდა, რა პროდუქტები შეიძლება გახდეს საშიში ზაფხულის სეზონში ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ექსპერტების თქმით, მრავალწლიანი პრაქტიკა აჩვენებს, რომ გარკვეული საკვები პროდუქტები სიცხეს ვერ უძლებს და ისინი სპეციალურ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენადაა დაცული ეს ნორმები გასაღების ობიექტებში. ამასთან, წინა პლანზე იჭრება ჩვენთვის საყვარელი საზამთროსა და ნესვის ვარგისიანობა, რომელიც ცხელ ზაფხულს ასე ძალიან უხდება. ასე რომ, რეალურად, რას მივირთმევთ გასაგრილებლად, ეს ცალკე საკითხია. ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შებოლოლი ხორცისა თუ თევზის ვარგისიანობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვადაგასულია და დახლზე, მეორედ ან სულაც მესამედაა გამოტანილი.
მანქანით მგზავრობისას გზებზე ხშირად შეგიმჩნევიათ, საზამთროებისა და ნესვის გორები. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. მაშინ, როცა მისი მოყვანა ბუნებრივ პირობებში შეუძლებელია. როგორც ექსპერტი, გია ბურჯანაძე ამბობს, აღნიშნული საზამთრო და ნესვი, ძირითადად, თურქეთიდან და ირანიდანაა იმპორტირებული და ვადაგასულია.
გია ბურჯანაძე: - ამ პერიოდისთვის ტემპერატურა ისეთ პიკს აღწევს, რომ ხშირ შემთხვევაში, დახლგარეშე კი არა, მაცივარში მოთავსებული პროდუქტებიც ფუჭდება. ასე რომ, მომხმარებლებს ვურჩევთ თავი აარიდონ რძის პროდუქტებს, რომელიც გარეთ არის დადებული. ასევე ხორცპროდუქტი, აბსოლიტურად ყველა სახის გაყინული პროდუქტი, თევზეული. წელს საკმაოდ გახშირებულია საზამთროთი მოწამვლის შემთხვევები, რომელიც საქართველოში შემოტანილია დაახლოებით ორი თვის წინ და დღესაც რეალიზებად პროდუქტად ითვლება და იყიდება. მას ვიზუალურად ჩვენ ვერ შევამჩნევთ ახალია თუ ძველი.
- რომელი ქვეყნებიდან შემოდის ეს პროდუქტი?
- საზამთრო და ნესვი, მეტწილად, ირანიდან და ჩინეთიდან შემოდის. ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ იყო შემოტანილი და დიღმის ტრასაზე იდო ეს პროდუქტი. სწორედ ამიტომ უნდა ვერიდოთ საზამთროსა და ნესვს, რომელიც იმპორტირებულია. ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი მზის შუქზე დევს, ფუჭების პროცესი შიგნიდან მიმდინარეობს და გარედან არ ჩანს. ანუ მომხმარებელი ყიდულობს გაფუჭებულ პროდუქტს, რომელიც მისთვის ძალიან მავნებელია. იგი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
- რაიმე ნიშანი აქვს ამ პროდუქტს რომ იმპორტირებულია?
- აბსოლუტურად არანაირი ნიშანი არ აქვს ამ პროდუქტს. უბრალოდ, ცოტა ხნის წინ, სამომხმარებლო ბაზარზე ასეთ პროდუქტს წავაწყდი, - კახური საზამთრო ჩინეთიდან. არანაირი განმასხვავებელი ნიშნები არ აქვთ ამ საზამთროებს, ამიტომ ვამბობ, ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოდის საშიშია. ავიღოთ, იგივე მარკეტები. როდესაც ზამთარში დახლებზე დევს მარწყვი, სხვადასხვა ხილი და საზამთრო, ეს არის სასუქებითა და ქიმიური ნივთიერებებით მოყვანილი პროდუქტი. ეს პროდუქტები მავნებელია. თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ საზამთრო ნამდვილად კახურია, მაშინ მოვერიდოთ მის შეძენას. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მხრიდან გაფუჭებული პროდუქტების შეპარებას. ბიზნესოპერატორს არ სურს იზარალოს და ასეთ პროდუქტს გვაპარებს. საზამთროს შემხთხვევაში, ნესვისგან განსხვავებით, ვიზუალურად ვერ ვიღებთ გაფუჭების ეფექტს, ამიტომ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო რთულია მისი ვარგისიანობის გარჩევა.
- თქვენ ახსენეთ, რომ წელს განსაკუთრებულად ბევრი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. რაზე დაყრდნობით აკეთებთ ამ განცხადებას და როგორია სტატისტიკა?
- წელს ჩვენ გვქონდა თევზეულით მოწამვლის 23 შემთხვევა, საზამთროთი მოწამვლის დაახლოებით 47 შემთხვევა, ნესვით - დაახლოებით 12-13 შემთხვევა. ეს ციფრები ძალიან კარგად მახსოვს, ვინაიდან ჩვენი სანდო ადამიანები მუშაობენ საავადმყოფოებში და ისინი ყოველკვირეულად გვაწვდიან ინფორმაციას. ქათმის ბარკლებით მოწამვლის ერთი შემთხვევაც იყო, თუმცა ეს ფაქტი საავადმყოფომ არ დაადასტურა.
- როგორც ვიცი, თევზეულის შემთხვევაში მეტწილად შებოლილი თევზეულია მავნებელი და მისი რეალიზაცია რამდენჯერმე ხდება ბაზარზე...
- დიახ. თევზს, რომელიც ფუჭდება, ოპერატორები ხშირ შემთხვევაში იღებენ და ამუშავებენ ქლორის შემცველი ხსნარით. ეს ხსნარი აკარგვინებს თევზს სპეციფიკურ სუნს და ამის შემდეგ ხდება მისი შებოლვა. ეს შეიძლება იყოს თევზი, ხორცეული, ქათამი, შაშხი და ასე შემდეგ. აბსოლოტურად ყველაფერს შებოლილს უნდა ვერიდოთ, ვინაიდან მათი მეორედ დამუშავება მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მისგან ორმაგი თანხის ამოღებაც ხდება. თუკი 6 ლარი ღირს 1 კილო სკუმბრია, შემდეგ ხდება ამ თევზის 12 ლარად რეალიზაცია, ანუ ორჯერ მეტს იხდიან მომხმარებლები გაფუჭებულ პროდოუქციაში. უნდა დავაკვირდეთ თევზის შიგთავსს. ხშირ შემთხვევაში მასში ვპოულობთ მატლის ჭუპრებს. ისიც კი ეზარება მეწარმეს, რომ ის მატლის ჭუპრები ამოიღოს. ყრიან ქლორით სავსე ვანაში და შემდეგ ბოლავენ. ეს არის გადასაყრელი, გაფუჭებული, საკვებად გამოუყენებელი პროდუქცია. იგივე სიტუაციაა სხვა შებოლილი პროდუქტის შემთხვევაშიც. 50% შებოლილი პროდუქტისა გაფუჭებულია. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, რადგან არ გაგვაჩნია იმის სახსრები, რომ ამ პროდუქციის ლაბორატორიული გამოკვლევები მოხდეს, თქვენი დახმარებით, ექსპერტებისა და საზოგადოების დახმარებით ვცდილობთ გამოვავლინოთ ასეთი შემთხვევები. ხშირ შემთხვევაში მაღაზია ეუბნება მეწარმეს, გაიტანე გაფუჭებული პროდუქცია, იმიტომ რომ, ეს ჩემს უბანში იყიდება და მომხმარებელი მომკლავსო. ეს ბიზნესოპერატორს მიაქვს და უბრალოდ ეტიკეტს ცვლის. დააკვირდით, თევზეულობას პატარა სკოჩით აქვს შემოვლებული ეტიკეტი. პროდუქტს ახალ ეტიკეტს მიაკრავენ, ახალი ვადით და მიაქვთ ისევ მაღაზიაში სარეალიზაციოდ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შემთხვევების დროს არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ პასუხი უნდა აგოს უმაღლეს დონეზე, ანუ სისხლის სამართლის საქმით.
- რა ვითარებაა ნახევაფაბრიკატების, იგივე ფარშის მიმართულებით?
- ასევე, მძიმე მდგომარეოება ფარშის მიმართულებითაც. წლების განმავლობაში ჩვენ ვამბობთ, რომ ფარშის დაახლოებით 75% საქართველოში არის სალმონელით დაავადებული და მათი მოხმარება სასტიკად აკრძალულია. ეს პროდუქცია გასანადგურებელია. ბიზნესმწარმოებლები, ფაქტობრივად, შორიდან ექსპერიმენტებს ატარებენ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ამ პროდუქციას მოიხმარნენ. დაზარალებული ადამიანების გადინება ისევ სამედიცინო დაწესებულებებში ხდება და ნაცვლად ლაბორატორიებისა, საავადმყოფოებში ვკითხულობთ ვინ რა ჭამა და რითი მოიწამლა.
გარდა საზამთროსა და ნესვის გორებისა, გზატკეცილებზე გამოფენილი ხორცის პოდუქტიც ხშირად გვხვდება. მაგალითისთვის კახეთის გზატკეცილიც კმარა. ბუნებრივია, ამ პირობებში ზედმეტია ტემპერატურული ნორმებზე საუბარი. როგორც ექსპერტი გია ბურჯანაძე ამბობს, აქ შეძენილი პროდუქცია მავნებელია ჯანმრთელობისთვის და არანაირ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
გია ბურჯანაძე: „პრობლემატურია გზატკეცილებზე გამოფენილი ხორცპროდუქტები, რომელთა ტემპერატურული ნორმა, რა თქმა უნდა, არ არის დაცული და ის საშიშია ჯანმრთელობისთვის. ეს იქნება საქონლის თუ ღორის ხორცი. მოქალაქეები მას პირდაპირ გარემოვაჭრეებისგან ყიდულობენ. ვიმეორებ, ეს პროდუქტები საშიშია ჯანმრთელობისთვის. ჩვენ კახეთის გზატკეცილზე ფოტოებიც გვაქვს გადაღებული, სადაც ჩვეულებრივ იყიდება, ღორის, საქონლის, ცხვრის ხორცი. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ყველაფერს თავს არიდებს. თურმე, რადგან ეს გარევაჭრობის ფორმაა, კანონი არ ავალდებულებს, რომ მსგავსი ტიპის დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ.
გიორგი ურუშაძე