ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მორალისგან და ზნეობისგან დაცლილი არც სამართალი მინდა, არც საზოგადოებრივი წესრიგი და არც განათლების სისტემა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „რეპორტიორს" ევროპული კომისიის მოხსენებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა, სადაც საუბარია, რომ ქართულ საგანმანათლებლო სექტორში არ დანერგილა სპეციალური პროგრამები ლგბტ პირთა მიმართ ტოლერანტობის ხელშეწყობისათვის, არც სკოლებში და არც უნივერსიტეტებში.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, როდესაც სკოლებში ახალი სტანდარტის დანერგვაზეა საუბარი, სიფრთხილის გამოჩენა აუცილებლობას წარმოადგენს. უნდა ისწავლებოდეს თუ არა საგანი „მე და საზოგადოება" სკოლებში - კობახიძის განცხადებით, ეს საკითხი ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების გადასაწყვეტია.
„ეს სათუთი თემაა და ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. მაგალითად, როდესაც გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება ვიღაცამ გააიგივოს ლგბტ პირების უფლებების დაცვასთან, რაც არასწორია და შეიძლება თავისუფლების დაცვის მარგინალიზაციაც მოახდინოს. ანუ სიტყვა „გენდერის" ხსენებამ შესაძლოა, ვიღაცას შიშიც კი მოჰგვაროს, თუ არასწორი ინტერპრეტაციები და მიდგომები იარსებებს. ძალიან ფრთხილი და სენსიტიური საკითხია. ჩვენ ნებიმიერი საკითხი უნდა ავწონ-დავწონოთ, რათა არ დავაზარალოთ ბავშვების ფსიქიკა ხელოვნური ჩარევებით.
ბავშვები, რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ შემწყნარებლები, უნდა უყვარდეთ უფროსიც, მეგობარიც, საზოგადოების მიმართ უნდა იყვნენ პასუხისმგებლობით სავსე, მაგრამ მოზარდების ფსიქიკა არ უნდა დავაზარალოთ ისეთი თემების არასწორად სწავლებით, რომ მერე წლები დასჭირდეს ამ ყველაფრის გამოსწორებას. ძალიან ფრთხილი ვიქნებოდი, როდესაც საუბარია სკოლებში გარკვეული საგნების შეტანაზე. ამ პროგრამაში თითოეული სიტყვა უნდა იყოს აწონ-დაწონილი. თუ ზნეობისგან და მორალისგან დაცლილ სახელმძღვანელოებს, ზნეობისგან და მორალისგან დაცლილ სამართალს შევთავაზებთ საზოგადოებას, ძალიან გაგვიძნელდება ცხოვრება. მე არ მინდა ცხოვრება მორალისგან დაცლილ საზოგადოებაში! ყველას თავის მორალი აქვს, მაგრამ არსებობს საყოველთაო მორალური ნორმები, რაზეც კაცობრიობა თანხმდება.
სასწავლო პროგრამაში რა უნდა ჩაიდოს, ამას ჩვენი განათლების სისტემა თავად მოაგვარებს. ჩვენი მოსწავლეები იქნებიან განათლებულები იმ სტანდარტით, რაც სჭირდება დღევანდელ საქართველოს. კონკრეტულად, რა საგანი უნდა ისწავლებოდეს და რა არა, ამას სპეცილიასტები, კვალიფიციური ადამიანები, მეცნიერები, პედაგოგები გადაწყვეტენ. მთავარია, რომ ჩვენ გვყავდეს განათლებული საზოგადოება, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული; სადაც ერთმანეთის მიმართ არ არის ზიზღი, თავდასხმები და საზოგადოება არის ტოლერანტული განსხვავებული ადამიანების მიმართაც", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ლგბტ პირთა დისკრიმინაციას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა უმცირესობის უფლება დაცულია კანონით და მათ მიმართ დისკრიმინაციის გამოვლინება კანონით დასჯადია.
„ქვეყანამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი. ეს ეხება ყველა უმცირესობას, მათ შორის სექსუალურ უმცირესობას. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ასეთი უმცირესობების მიმართ არ უნდა იყოს რაიმე ტიპის ძალადობა, უფლებების შელახვა და უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაცულები იყვნენ დისკრიმინაციისგან. ეს კონსტიტუციაშიც წერია, რომ ადამიანის მიმართ რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია არის დაუშვებელი. წარსულში რა იყო სხვა საკითხია - კი, არსებობდა კიდეც არატოლერანტული მიდგომების გარკვეული გამოვლინებები... სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ნებისმიერი მოქალაქის დაცულობაზე და თუ დაირღვევა უნდა დავიცვათ, კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ქვეყანაში ხელი უნდა შეეწყოს სიძულვილის ენის აღმოფხვრას და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას. ასევე უნდა გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად, მაგრამ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ", - განაცხადა კობახიძემ.
1 მარტს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს შესახებ, სადაც იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. მასში აღნიშნულია, რომ ლგბტ საკითხებზე ბალანსირებული და ობიექტური სწავლების არარსებობის გამო მოსწავლეები მოწყვლადნი რჩებიან ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომო/ტრანსფობიური დისკურსის მიმართ.
„ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით უნდა შეიქმნას ლგბტ-სადმი მიძღვნილი დეპარტამენტი. ასევე, უნდა შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად", - აღნიშნულია მოხსენებაში.