logo_geo
eng_logo
მერაბ სეფაშვილი: ვინც GERA-სთან თანამშრომლობს, ყველა კმაყოფილია
- +

ავტორი ილონა ცაცუა

2 თებერვალი. 2021. 22:20

 

 

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპი დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი კულტურის სფეროს არ შეხებია. საკონცერტო დარბაზები, რესტორნები თუ კლუბები ისევ დაკეტილია. ეს მუსიკის სამყაროში covid-19-ით გამოწვეული პრობლემებია, თუმცა ქართველმა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში კორონავირუსამდეც არსებობდა. მუსიკოსების ოჯახში გაზრდილმა არტისტმა, რომელმაც მუსიკალური კარიერა 15 წლის ასაკში აირჩია, გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება ამ სფეროს უკეთ განვითარებისთვის. რა სიახლეებია მომღერლის შემოქმედებით ცხოვრებაში, რა ენატრება და რა აბედნიერებს მას? ამას ვრცლად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.  

 

-ბატონო მერაბ, რა დადებითი და უარყოფითი გავლენა იქონია კორონავირუსმა თქვენზე?

 

-კორონაზე დადებითს ნამდვილად ვერ ვიტყვი. პრობლემებია ყველგან, განსაკუთრებით ჩვენს სფეროში. ჯერ პერსპექტივაშიც კი არ არის, როდის მოხდება საკონცერტო დარბაზების გახსნა. რთული სიტუაციაა. საზღვარგარეთაც ვერ მივდივართ, რადგან მოგეხსენებათ, რომ ყველგან ერთნაირი მდგომარეობაა. ზოგადად კი მინდა აღვნიშნო, რომ ეს სფერო არ არის მოწესრიგებული. არადა, მუსიკა ყველასათვის საყვარელი, აუცილებელი და მოთხოვნადი სფეროა. ვფიქრობ მეტად უნდა იყოს განვითარებული.

 

-თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს ამ სფეროს პოპულარიზაციისთვის?

 

-მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სპონსორების საკითხს. ბევრი კონცერტი უნდა ჩატარდეს და ეს სფერო ისეთივე პრიორიტეტული გახდეს, როგორც ტურიზმია. თავად ტურიზმი ამ სფეროს გარეშე არ არსებობს. ეს ერთი წელი, რასაც ჩვენ ლოქდაუნს ვეძახით ძალიან რთულად აისახა ადამიანის ფსიქიკაზე, ასევე შემოქმედებით ხარისხზე. როგორც სპორტსმენის გაჩერება არ შეიძლება, ისე არ შეიძლება მომღერლის გაჩერება. მუდმივი წვრთნა და ვარჯიში აუცილებელია.

 

-ოდესმე მუსიკა თუ მოგბეზრებიათ?

 

-არასოდეს! ეს ერთადერთი სფეროა რასაც ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში სპორტით ვიყავი გატაცებული და ვერც კი წარმომედგინა მუსიკოსი თუ გავხდებოდი.  მუდმივად სწავლობ და მუდმივად იძენ ახალს. ეს ადვილი საქმე არ არის, მაგრამ როცა გიყვარს ის  რასაც აკეთებ, უბრალოდ არ გბეზრდება. 15 წლისამ დავიწყე სიმღერა და დღემდე არ გავჩერებულვარ.

 

-რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

 

-სხვათაშორის პანდემიის დროს ერთ ალბომზე მუშაობა დავასრულე. გარდა ამისა, დაახლოებით ერთ თვეში ჩემი საავტორი  მუსიკალური გადაცემა გავა ეთერში. ასევე რამდენიმე დღის წინ გავწევრიანდი „საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციაში“-( GERA), სადაც ჩემთვის მისაღები პირობები აღმოჩნა, როგორც შემოქმედებითი, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც. ბევრი ჩემი ხელოვანი მეგობარია გაწევრიანებული. ყველა, ვინც კი  GERA-სთან თანამშრომლობს, კმაყოფილია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ მათ გუნდში ჩემი  გაწევრიანება საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი იმედები გამართლდება.

 

-კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად რა გენატრებათ?   

 

-ადამიანებთან ურთიერთობა მენატრება. მინდა უფრო მეტი ვიმუშაო. ჩემი საქმე ვაკეთო. მალე გაიხსნას დარბაზები და ჩატარდეს კონცერტები. ეს თუ მოხდება ძალიან ბედნიერი ვიქნები.

 

 

ავტორი- ილონა ცაცუა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner