„ოპოზიციას მუშაობა ეზარება, მარტივია ყვირილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ბითაძე იმედოვნებს, რომ გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ბულინგის შიშს გადალახავენ.
„მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, იმ მოსახლეობის, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ხილვას ისურვებდნენ პარლამენტში და მრავალპარტიულ პარლამენტს, დღეს იმედგაცრუებულები არიან. ოპოზიციას მუშაობა ეზარება, მარტივია ყვირილი. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ არის რამდენიმე წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ბუნებრივია, პოზიციას არ შევიცვლით.
დღეს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ქალბატონისგან მოვისმინე - „პარლამენტში შეთრევა“ - ასეთი უდიერი სიტყვები როგორ უნდა თქვას, თავის ყოფილ, ან სამომავლო კოლეგებთან მიმართებით. ეს პარლამენტში შეთრევა კი არ არის, ეს არის ვალდებულებების შესრულება...იმაზე, რაზეც საუბრობენ დღეს უკვე გარიყული და ხალხის მტრად გამოცხადებული ოპოზიციონერები, რომლებიც თავიდან ერთიანობას ინარჩუნებდნენ, ეს რეალურად სიმართლეა და ეს კვლავ გამოჩნდება, დარწმუნებული ვარ, შეძლებენ ადამიანები გადალახონ ის შიში, რასაც ბულინგის შიში ჰქვია იმ ვალდებულების შესრულებისთვის, რისთვისაც მათ თავიდან თანხმობა განაცხადეს, კენჭი ეყარათ, როგორც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს. ვნახოთ, დრო წინ არის, ძალიან საინტერესო მოვლენები გველის, მაგრამ ყველაზე საინტერესო და ეფექტიანი იქნება ის საქმიანობა, რომელიც ჩვენ აქტიურად უნდა დავიწყოთ და უკვე დაწყებულია მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა ბითაძემ.