„ოპოზიცია რადიკალიზმის გზას ადგას. იქ არიან აზრიანი ადამიანებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოდიან ამ დაშინების სიტუაციიდან“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.
„ბევრი ჩვენი ამომრჩეველი მოგვიწოდებს, რომ ჩამოვართვათ ეს მანდატები და თუკი მოინდომებენ რაიმე ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში აღებას, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, არის პოლიცია, არის სამხედრო ძალა, არის უსაფრთხოების სამსახური, ამის პრობლემა აღარ დგას დღეს. ეს აღარ არის არც 90-იანების და არც 2000-იანების საქართველო“, - განაცხადა ხელაშვილმა.
მისი თქმით, უკეთესია ოპოზიცია ლეგიტიმური დებატების სივრცეში იყოს.
„თუკი გავიხსენებთ ქვეყნებს, სადაც ცდილობენ, რომ ოპოზიცია კუთხეში მიიმწყვდიონ და ძალადობრივი ან არაძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ აღგავონ პირისაგან მიწისა, შემდეგ იღებენ „სანდინისტებს“ და მსგავს რადიკალურ დაჯგუფებებს, რომლებიც გადადიან უკვე ადამიანების ჟლეტაზე, აფეთქებენ, ატერორებენ და ა.შ. ამიტომ ძალიან ბევრ კულტურულ, ევროპულ ქვეყანაში ლამის ელოლიავება მათ მთავრობა. იმის გამო კი არა, რომ ძალიან მოსწონთ და ვერ ხვდებიან ესენი ვინ არიან. არამედ ზუსტად იმის გამო, სჯობს ესენი იყვნენ ლეგიტიმური დებატების სივრცეში“, - აღნიშნა ხელაშვილმა.