logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ჩვენ ქვეყანას მივაქანებთ დემოკრატიისკენ, სააკაშვილის პლატფორმაზე გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი კი ქვეყანას ისევ უკან ექაჩება
- +

3 თებერვალი. 2021. 01:15

 

 

„ჩვენ ქვეყანას მივაქანებთ დემოკრატიისკენ, სააკაშვილის პლატფორმაზე გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი კი ამ დემოკრატიულ მონაპოვარს უარყოფს და ქვეყანას ისევ უკან ექაჩება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი დღეს არის პლურალისტული და მრავალფეროვანი, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არასდროს ყოფილა.

 

„ჩვენ გთავაზობთ – შემობრძანდით. მოსახლეობის ნება აისახოს ისე, როგორც აგვირჩიეს და ყველამ ერთად მივხედოთ საქმეს. ჩვენ ამას ყოველდღე ვადასტურებთ და დღესაც დავადასტურეთ, როდესაც ოპოზიციას შესაძლებლობა დავუტოვეთ, პარლამენტში შემოსულიყო და განეხორციელებინა ის უფლებამოსილება, რისთვისაც ხალხმა აირჩია“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

დებატებში მონაწილე „ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი კიკნაველიძის შეკითხვაზე, რა ლოგიკური ახსნა აქვს იმას, რომ წელს ცარიელი ბიულეტენების რაოდენობამ 8 000-ს გადააჭარბა მაშინ, როცა მათი რაოდენობა 2012 წელს 2 816 იყო, 2016 წელს კი 2 820, დავითულიანმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემები ოპოზიცის დამარცხებაზე მიუთითებდა და ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დაეყენებინათ, რისთვისაც გეგმას ამზადებდნენ.

 

„ლოგიკური ახსნა შეიძლება, იყოს ის, რომ ეს თქვენ გჭირდებოდათ და თქვენს ამომრჩევლებს უთხარით, ეს ასე გააკეთეთო“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დებატებში მონაწილე „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან სამუშიას კითხვასაც უპასუხა, რა სამართლებრივი მექანიზმებით აპირებდა ხელისუფლება ხმების გადათვლას და როგორ უნდა ებრძანებინათ ცესკო-სთვის ხმების ხელახალი გადათვლა მაშინ, როცა ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა.

 

„გადათვლის უფლება ჰქონდა ცესკო-ს, რომელიც დიახ, დამოუკიდებელი ორგანოა, მაგრამ თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა, ცესკო-ს თხოვნით მივმართავდით. თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა, თქვენ გგონიათ, ცესკო-ს ამის პრობლემა ექნებოდა? ამას ვნახავდით, მაგრამ თქვენ რატომ არ დაგვთანხმდით?“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner