7 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მარსელის „ველოდრომზე", ევრო 2016-ის 1/2-ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც გერმანიის ეროვნული გუნდი, ტურნირის მასპინძელს - საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრას იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.
A ჯგუფიდან 7 ქულითა და პირველი ადგილით გასული საფრანგეთი 1/8-ფინალში ირლანდიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:1 იმარჯვა. ამის შემდეგ, დიდიე დეშამის შეგირდებმა უხვგოლიან შეხვედრაში ისლანდიური ზღაპარი დაასრულეს (5:2). რაც შეეხება გერმანიას, „ბუნდესგუნდმაც" ანალოგიურად, 7 ქულითა და პირველი ადგილით დატოვა ჯგუფური ეტაპი, რის შემდეგაც სლოვაკეთი 3:0 გაანადგურა, 1/4-ფინალში კი იტალიასთან ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ (1:1), პენალტების სერიაში 6:5 იმარჯვა.
საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობამ სწორედ დღევანდელი დაპირისპირება შერაცხა ფინალის ტოლფას მატჩად, ვინაიდან სატურნირო ცხრილის მეორე მხარეს გამარჯვება არცთუ დამაჯერებელი თამაშით პორტუგალიამ მოიპოვა.
საფრანგეთი ნახევარფინალში 2000 წლის შემდეგ პირველადაა. მიუხედავად იმისა, რომ „ლე ბლემ" უდავოდ გაარმართლა ფავორიტის სტატუსი მიმდინარე ტურნირზე, უნდა არინიშნოს, რომ გუნდს სერიოზული გამოცდა პირველად აქვს.
დიდიე დეშამის შეგირდები შემადგენლობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესონი არიან მსოფლიოში. კარგი ამბავი „მამლებისთვის" ისაა, რომ დისკვალიფიკაციის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ნგოლო კანტე და ადილია რამი ბრუნდებიან. ფრანგების გასახდელში ცუდი ამბებიცაა - კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისლანდიასთან მატჩის გმირის ოლივიე ჟირუს თამაში დღევანდელ მატჩში. ამ უკანასკნელმა, სამშაბათის ვარჯიში მუხლის პრობლემის გამო გამოტოვა.
ფრანგებს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზი ჰყავთ, თუმცა დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემებია და რაფაელ ვარანეს არყოფნა ძალიან იგრძნობა.
გერმანიამ იტალიასთან ხარისხიანი თამაში ვერ შემოგვთავაზა. გარდა ამისა, იოახიმ ლიოვის გუნდმა სერიოზული საკადრო დანაკარგები განიცადა. ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამო, მატს ჰუმელსი გამოტოვებს. მის შემცვლელად სავარაუდოდ მუსტაფას ვიხილავთ, თუმცა შესაძლოა ჰიოვედესმა გადმოინაცვლოს ცენტრში და მარჯვენა ფლანგის გაკონტროლება კიმიხს დაევალოს. კიდევ ერთი ცუდი ამბავი გერმანელთთვის ისაა, რომ მარიო გომესმა ტრავმა მიიღო. მარიო გიოტცეს ცუდი სათამაშო ფორმის პირობებში, დიდი გაბარიტების მქონე ცენტრალური ფორვარდი უალტერნატივო ვარიანტად რჩებოდა შეტევის წინა ხაზზე.
ლიოვს შეტევაში შემადგენლობის ტორაციის რამდენიმე ვარიანტი აქვს. დიდი ალბათობით, ცენტრალური ფორვარდის პოზიციას მიულერი დაიკავებს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გოლი ჯერ არ აქვს გატანილი. მოედნის ცენტრს ვერ დაეხმარება ტრავმირებული სამი ხედირა და ლიდერის როლის აღება კვლავ ახალგამოჯანმრთელებულ ბასტიან შვაინშტაიგერს მოუწევს.
ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, უნდა აღინიშნოს ფრანგების 5 მოგება გერმანელებთან უკანასკნელ 10 დაპირისპირებაში, თუმცა უკანასკნელი 3 მატჩიდან 2 „ლე ბლეს" მარცხით დასრულდა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიამ საფრანგეთი 1/4-ფინალური ეტაპიდან გამოთიშა ასპარეზობას, რის შემდეგაც „ბუნდესგუნდი" გაჩემპიონდა. აღსანიშნავია, რომ დღეს დეშამის შეგირდებს დახმარებას მშობლიური მოედანი და „ველოდრომზე" შეკრებილი მაყურებელი გაუწევს.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰექტორი - შვაინშტაიგერი, კროოსი - გიოტცე, იოზილი, დრაქსლერი - მიულერი;
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - სანია, რამი, კოსჩიელნი, ევრა - პოგბა, კანტე, მატუიდი - გრიზმანი, ჟირუ, პაიე;
ტრავმირებულები: გომესი, ხედირა (ორივე - გერმანია);
დისკვალიფიცირებული: ჰუმელსი (გერმანია)
კითხვის ნიშნის ქვეშ: ჰიოვედესი, შვაინშტაიგერი - ჟირუ.