„რესპუბლიკელებს" მხოლოდ საკუთარი გუნდის გათიშვა შეუძლიათ კოალიციიდან", - ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „რესპუბლიკელებსა" და „მრეწველებს" შორის დაპირისპირებასა და კოალიციის შესაძლო დაშლაზე საუბრისას აცხადებს. როგორც კაკაბაძე „რეპორტიორთან" საუბარში განმარტავს, თუკი რესპუბლიკური პარტია კოალიციას საკუთარი ნებით გამოეყოფა, ის არჩევნებზე ბარიერს ვერ გადალახავს.
„რესპუბლიკური პარტია, არსებობის მანძილზე, თავისი ძალებით არ მოხვედრილა ხელისუფლებაში. ამაში ნამდვილად ვეთანხმები გოგი თოფაძეს. ასე რომ, რესპუბლიკური პარტია დღეს საქართველოს მოსახლეობის განწყობით, ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს. ამიტომ, ისინი იძულებულნი არიან კოალიციაში დარჩნენ.
თოფაძის კოალიციიდან გარიცხვა „რესპუბლიკელების" სურვილით არ მოხდება. თუ სხვა მიზეზი იქნება, რომ „მრეწველებმა" დატოვონ კოალიცია, ეს სხვა საკითხია. „რესპუბლიკელებს" ამის ბერკეტი არ გააჩნიათ", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.