ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ორი წლის წინ, 2014 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე. ეს წერილი და უნიკალური ფოტოც მაშინ გამოაქვეყნა "რეპორტიორმა".
სათქმელი იმ დღეს რაც მქონდა ვთქვი. დღესაც-არავითარი დიფირამბები, არავითარი კრიტიკა, რამეთუ დღე და თარიღია ისეთი რომ...
"რაღაც-რაღაცეებს" ზოგჯერ ვიხსენებ, კვლავაც გავიხსენებ. სხვებიც!
რაც დრო გადის, "შეზღუდვები" სუსტდება, ობიექტურობა მძლავრობს. ჩრდილოეთში ლანძღვა-გინება მეტია, საქართველოში ნაკლები. ესეც ბუნებრივია. და როცა დადგება ისეთი დრო, როცა ისტორიკოსები, დაინტერესებული მკვლევარები - მთლიანად საზოგადოება ბოლომდე განთავისუფლდება პირადული, სუბიექტური "განცდებიდან" და გაუჩნდება ბუნებრივი სურვილი მხოლოდ ობიექტურად, მხოლოდ მეცნიერულად, ანუ მხოლოდ ისტორიზმის პრინციპების გათვალისწინებით გაანალიზოს და შეაფასოს საქართველოს მეორე პრეზიდენტის (და არა მარტო მისი) მოღვაწეობა, მისი კომუნისტური წარსული, იმდროინდელი ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივი ცხოვრების მიღწევები და ჩავარდნები, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოო ჯამში შეფასება იქნება ისეთი, როგორიც ეკადრება... ეპოქას! დიახ, ეპოქას, მის ურთულეს, მრავალწახნაგოვან, მრავალფეროვან რეალობას. და ვინ არის ისეთი გაბედული, ისეთი გენიალური რომ დღეს (!!!) საბოლოო წერტილი დაუსვას ასეთი შეფასებების უტყუარობას?!
გავა წლები, ათეულობით, ასეულობით... მოვლენ თაობები, რომლებიც ამას შეძლებენ.
ასეთი დამოკიდებულების მაგალითები ბევრი აქვს ისტორიას. ჩვენშიც და გარეთაც!
აგერ, სტალინი აიღეთ, რა ხდება არამარტო რუსეთში, არამედ მსოფლიოში.
გორბაჩოვი? ორი დღის წინ ქვეყნის მოღალატედ კიდევ ერთხელ გამოაცხადეს და ტრიბუნალზე გადაცემას ითხოვენ...
უკრაინაში ადრე გამოცხადებული ყველა მოღალატე უკვე ეროვნული გმირის მანტიით შემოსილი გვევლინება საზოგადოებრივ ცნობიერებაში.
ცოტა შორეულ წარსულს თუ გავიხსენებთ, ნაპოლეონსაც მივწვდებით... სხვასაც!
ერთი სიტყვით, მოდით გარდაცვლილები "დავუთმოთ" მეცნიერებს - ისტორიას და მოვა დრო "განაჩენისა"...
ახლა კი 2 წლის წინანდელი პუბლიკაცია:
შევარდნაძე წავიდა
ამ ფოტოს დიდი ხნის ისტორია არა აქვს. იგი კრწანისის რეზიდენციაშია გადაღებული...
ინტერვიუ დავამთავრეთ. შეუძლოდ მყოფმა მასპინძელმა კარებამდე მაინც მოგვაცილა, გამოგვემშვიდობა, შეტრიალდა და... თემაც დაიბადა: "შევარდნაძე მიდის!"
ამ კადრს გიორგი მამაცაშვილი ხელიდან არ გაუშვებდა. არც გაუშვია...
მაშინ არ გამოვაქვეყნეთ, არ გვინდოდა ამ კადრისთვის სიმბოლური დატვირთვა მიგვეცა. ახლა კი მისი გამოქვეყნება უპრიანია.
შევარდნაძე წავიდა!
სამუდამოდ!..
ბევრს ეწყინა! არცთუ ცოტა-ავყიაობს!
როგორც ფრანგები იტყვიან, "სე ლა ვი!"
დიახ, მართლაც "ასეთია ცხოვრება", მით უმეტეს, პოლიტიკოსისთვის!
ამ შემთხვევაში დასკვნა ერთია: არც ქება, არც ლანძღვა, არც ნეიტრალიტეტი არაფერს შეცვლის! რაც იყო-იყო!
და მიუხედავად არაერთი, მეტ-ნაკლებად სერიოზული ჩავარდნა-შეცდომისა, მამათელი ბიჭის გრძელ და საინტერესო გზაზე იყო ისეთი წარმატებები, რომ მის პიროვნებას, მისი მონაწილეობით გადაჭრილ საერთაშორისო მაშტაბის პრობლემებს, მის სახელთან დაკავშირებულ მსოფლიო მოვლენებს გვერდს ვერ აუვლის ვერცერთი ობიექტური (!) მკვლევარი.
და რა გასაკვირია, თუ მეოცე საუკუნის მსოფლიოს, ისევე როგორც კავკასიის რეგიონის ისტორია, ქართული გვარ-სახელის მქონე გამორჩეულ პოლიტიკოსთა შორის სტალინთან, ბერიასთან, გამსახურდიასთან ერთად, უყოყმანოდ დაასახელებს ედუარდ შევარდნაძეს!