ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოსხნა თარიღებზე დამოკიდებული არ იყოს. საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
,,ჩვენ ვაკვირდებით 7 და 14-დღიან პერიოდში დადებითობის მაჩვენებელს. ვინაიდან, 7 დღის ტენდენცია უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ მსჯელობა თუ რა შეიძლება იყოს მომდევნო გახსნის საგანი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარკვეული რეგიონები, სადაც გვაქვს უფრო დადებითი დინამიკა და აქედან გამომდინარე, საბჭო მსჯელობს, რომ არ ვიყოთ თარიღებზე დამოკიდებული და არამედ, უფრო მოქნილად ვმართოთ საქართველოში ეპიდვითარება.
როგორც კი გვექნება მყარი საფუძველი იმის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ეპიდვითარებაზე დაყრდნობით, რომ შემდეგი გახსნები და შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია იმდენად უსაფრთხოდ, რომ არ მოხდეს უმოკლეს ვადაში ინფექციის სტატუსის დაბრუნება, როგორც ეს იყო ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, როგორც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ასევე ბიზნესინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.