logo_geo
eng_logo
პროექტს „სტარტაპ საქართველო“ რეგიონების მცხოვრებნი ეცნობიან
- +

7 ივლისი. 2016. 15:41


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს საპარტნიორო ფონდი ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში რეგიონებს პროგრამის პრეზენტაციით სტუმრობენ.  შეხვედრები უკვე გაიმართა ახალციხეში, ახალქალაქში, მცხეთაში, გორში, თელავში, რუსთავსა და მარნეულში. შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია ბათუმში (11 ივლისი), ოზურგეთსა და ზუგდიდში (12 ივლისი), ქუთაისსა და ამბროლაურში (13 ივლისი).



,,სტარტაპ საქართველო" მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. საინვესტიციო პროგრამა ინვესტიციის სახით ინოვაციური იდეის მქონე მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მოახდინოს იდეის გენერირება და დაიწყოს მუშაობა წარმოების შექმნასა და ბიზნესის განვითარებაზე. საჭიროა ქვეყანაში ბიძგი მიეცეს მსგავს წამოწყებებს და მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება და შანსი განახორციელონ იდეა პრაქტიკულად. პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო" მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს უქმნის ინოვატორ ადამიანებს, რათა ქვეყანაში განვითარდეს აღნიშნული სფერო და აისახოს მისი დადებითი ეფექტი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია რეგიონების მაქსიმალური ჩართულობა.



„სტარტაპ საქართველო" ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს დამწყები ბიზნესების ინოვაციურ იდეებს. სტარტაპ ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ეკოსისტემის განვითარება გარდა დაფინანსების კომპონენტისა, მოიცავს საგადასახადო და იურიდიული პროცედურების გამარტივებას, ასევე შესაბამისი განათლების ხელშეწყობასაც. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის მიერ გატარებული ყველა ამ ღონისძიების საბოლოო მიზანი ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებაა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის"- განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ.



უნიკალური მაღალტექნოლოგიური ინოვაციური იდეის შემთხვევაში, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს, განაცხადების მიღება პროექტის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ტექნოპარკში მოქმედებს ფრონტ ოფისი, რომელიც მათ გაუწევს კონსულტაციას აპლიკაციის შევსებაში და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შესახებ. რეგიონებში პრეზენტაციების წარდგენისას ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა საშუალება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის პირობებისა და განცხადებების მიღების შესახებ.



„სტარტაპ საქართველოს" ინიციატივას ეხმიანება იციკ მოშე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი: -



„მიმაჩნია, რომ ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, სასურველია, გააძლიეროს მაღალტექნოლოგიური და ტურიზმის მიმართულებები. ამისთვის ქვეყანას აქვს საკმარისი ინტელექტუალური რესურსი და პოტენციალი, რომელიც ეკონომიკას ნახტომისებურ ბიძგს მისცემს. ისრაელი სანიმუშო მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ხელშემწყობი როლი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების საქმეში. რამდენადაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მეშვეობით საქართველოში უკვე შეიქმნა და ვითარდება რამდენიმე ინოვაციური პროექტი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ქართულ მხარეს დავეხმაროთ სტარტაპების განვითარების მიმართულებით ისრაელის მდიდარი გამოცდილების გაზიარებაში".



შეგახსენებთ, რომ ,,სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების მიღების ბოლო თარიღი 17 ივლისია. მიღებულ განაცხადებს სილიკონ ველის ექსპერტები  2 კვირის განმავლობაში განიხილავენ, რომელთა ვიზიტი საქართველოში 22-დან 27 აგვისტომდეა დაგეგმილი.  განხილვისა და შეფასების შემდეგ გამარჯვებული პროექტები აგვისტოს თვის ბოლოს გამოვლინდება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner