ავტორი ნინო ლაბარტყავა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ და ამ დროისათვის გირაოთი გათავისუფლებულ ივერი მელაშვილს თავის პროტესტს ხმამაღლა უფიქსირებს. ეს პატრიოტი ახალგაზრდა ბაქარ ადამიაა, რომელსაც „რეპორტიორი“ დეტალებზე სასაუბროდ დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუს აქვე სრულად გთავაზობთ.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილმა ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება, რომ დავითგარეჯის ნაწილი საქართველო არ არის. სტუდიაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები მას ტაშით შეეგებნენ და გმირი უწოდეს, ხოლო გადაცემის მიმდინარეობისას „სირცხვილია“-ს ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა მელაშვილს მიმართა, რომ მისი გირაოს თანხა სრულად იყო შეგროვებული და „გმირობისთვის“ მადლობაც გადაუხადა...
- ბაქარ, მართალია, ყველამ ვნახეთ ის ცნობილი ვიდეო, როდესაც შენ ერთ-ერთ მაღაზიაში ივერი მელაშვილს შენი სათქმელი უთხარი, როგორც ამ ქვეყნის ერთმა რიგითმა მოქალაქემ, თუმცა მოდი, მოგვიყევი, რა მოხდა კონკრეტულად იმ დღეს...
- იმ დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი საბურთალოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მათგანი იყო სამსახურიდან გამოსული ლეპტოპის შესაძენად, მოდულთან მდებარე „სოკარის“ ერთ-ერთ ოფისში მუშაობს. მე და ჩემს მეორე მეგობარს გვინდოდა ტელეფონებზე „ქეისის“ შეცვლა, „ბრონის“ დაკვრა. წავედით სამნი „სითი მოლში“ და როდესაც ჩემი ერთ-ერთი მეგობარი „ალტაში“ შევიდა, ჩვენ მაგ დროს დავდიოდით სავაჭრო ცენტრში, რომ გვენახა, სად იყო „ქეისი“, „ბრონი“, რომ ჩემი ტელეფონისთვის შემეძინა. მოვიკითხე ყველაფერი, „ქეისი“ შევიძინე, „ბრონი“ ვერ ვნახე და მიმასწავლეს, რომ „ალტას“ შეიძლება ჰქონდესო. დავბრუნდით „ალტაში“, სადაც ჩვენი მეგობარი უკვე ყიდულობდა ლეპტოპს. ვკითხე მეგობარს - ირაკლი, აბა, რა ხდება, რა ეტაპზე ხარ-მეთქი. აი, გამომიტანენ ლეპტოპს, შემიმოწმებენ და წავიდეთო, მითხრა. ამ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, როცა მე ტელეფონების სექციისკენ გადავიწიე და კონსულტანტს ვეძებდი, რომ მეკითხა, ჰქონდა თუ არა კონკრეტული ტელეფონის „ბრონი“. ამ დროს შევნიშნე, რომ ერთ-ერთი კონსულტანტი ესაუბრებოდა ივერი მელაშვილს. ბევრს კი უკვირს, პირბადეში როგორ იცანიო და რა ვიცი, ეგ ადამიანი როგორ ვერ უნდა იცნო, თუ ინფორმაციებს თვალს ადევნებ...
მოკლედ, როცა ივერი მელაშვილი დავინახე, ცოტა ავღელდი, ვფიქრობდი, რომ თავი შემეკავებინა, ერთი 5 წუთი ალბათ ამ ფიქრებში ვიყავი, იმ ადგილს გავეცალე კიდეც, ვცდილობდი, თავი დამემშვიდებინა. ჩემმა მეგობარმაც მითხრა - არ აჰყვე ნერვებსო... მას ვუთხარი - მთელი ცხოვრება ვინანებ, ახლა ამ ადამიანთან რომ არ მივიდე და ის არ ვუთხრა, რასაც ვფიქრობ-მეთქი. ამასობაში, ივერი მელაშვილი კონსულტანტთან საუბარს მორჩა, წამოვიდა და „ალტას“ გასასვლელისკენ დაიძრა. მაგ დროს წინ გადავუდექი და ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი. ჩემი მოქალაქეობრივი პროტესტი დავაფიქსირე, პირველ რიგში მის ნათქვამზე. ვუთხარი - ის, რაც შენ თქვი, არის მოღალატეობრივი და ჩემთვის ამიტომ ხარ მოღალატე და ამას ვაფიქსირებ, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი ქართველი მოქალაქე-თქო. ვიდეოში არ ჩანს, სრული ვიდეო თუ სადმე გავრცელდება, იქ იქნება - შენ რა იციო საერთოდ, გარეჯი რა არისო, დამიწყო ჭკუის სწავლება... ჩემი პასუხი იყო ამაზე - გარეჯიც ვიცი-მეთქი, ხშირადაც ვარ იქ ნამყოფი, სამართლებრივი დეტალებიც ვიცი და შენ საერთოდ ვინ ხარ-მეთქი? კარტოგრაფი ხარ, მედიატორი ხარ, დიპლომატი ხარ? რომ გვმოძღვრავ მთელ ერს და გვასწავლი, როგორ ხდება მოლაპარაკება მეზობელ ქვეყანასთან... შენ როგორ გვეუბნები ჩვენ, რომ თურმე ასე და ასე უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეზობელს? ამის შემდეგ გადავიდა უკვე შეურაცხყოფაზე - მოგზავნილი ხარო და იქვე გაჩნდა უცებ „ფორმულას“ დაცვა-ჟურნალისტი, რომელიც რეალურად შორიახლოს დაჰყვებოდა ამ ადამიანს სულ.
- ისე, მართლა საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა უცებ „ფორმულას“ ჟურნალისტი მაგ ინციდენტის დროს მაინცდამაინც იმავე მაღაზიაში...
- შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ის ჟურნალისტი შორიახლოს დაჰყვებოდა მელაშვილს. რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე, ოჯახის წევრი ან მეუღლე ხომ არ არის-თქო.... როდესაც ივერი მელაშვილს ჩემ სათქმელს ვეუბნებოდი, უცებ მოვარდა ის ჟურნალისტი და გამოექომაგა. ვკითხე - თქვენ ვინ ხართ, ქალბატონო, ქვეყნის მოღალატეს რომ იცავთ? რას წარმოადგენთ? ან რაში უჭერთ ამ ადამიანს მხარს-მეთქი? ზუსტად ამ დროს ტელეფონი ამოიღო და გადაღება დაიწყო. რომ იცოდეთ, ის ვიდეო, რაც გავრცელდა, არის გადაღებული ვიდეოს ალბათ ნახევარი, საიდანაც აწყობდათ, იქიდან მოჭრეს და დადეს, რადგან მანამდე ივერი მელაშვილს რამდენჯერმე აქვს ჩემთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყენებული. მელაშვილს თან ერთი პიროვნება ახლდა და ჩემი მიმართულებით იქაჩებოდა, ხელის დარტყმას ცდილობდა, ჩემმა მეგობარმა და დაცვის თანამშრომელმა დააკავეს. როდესაც ის ინციდენტი მორჩა, მაგის მერეც გაგრძელდა მცირე კონფლიქტი და ის პიროვნება ისევ გამოექანა და ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება უნდოდა, მაგრამ ვერ მოვიდა ჩემამდე, რადგან ირგვლივ ხალხი იყო. ვიდეოშიც ისმის თავიდან, როგორ მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ივერი მელაშვილი, შენნაირმა იდიოტებმა დაღუპეს ეს ქვეყანაო და ამაზე ჩემი პასუხი იმავე ვიდეოშიც კარგად ჩანს.
- მაგ ინციდენტის მერე, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ აპელირებენ იმაზე, რომ შენ ხარ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი - საერთო მესიჯბოქსი ასეთი აქვთ. ზოგიერთებმა კონკრეტული ტერმინიც კი იხმარეს - „ნასედკა“ არის ეგ ბიჭიო... რას უპასუხებ მათ? ფაქტია, რომ ნაცმედიამ და ნაცების მხარდამჭერებმა ერთგვარი შავი პიარ-კამპანია დაიწყეს შენს წინააღმდეგ.
- ყველაზე აღმაშფოთებელი ჩემთვის არის ზუსტად ეგ. მე არც საჯაროობას ვაპირებდი, საერთოდ არაფერს არ ვაპირებდი, მინდოდა, რომ უბრალოდ პირში მეთქვა იმ ადამიანისთვის ის, რასაც ვფიქრობდი და საერთოდ არ მქონია იმის ინტერესი, რომ ეს მთელ ქვეყანას გაეგო. ჩემს მეგობრებს, ვისთან ერთადაც იმ დღეს ვიყავი, ვიდეოც კი არ გადაუღიათ, რასაც ახლა ვნანობთ - მაშინ რომ მათაც გადაეღოთ, რეალურ სურათს ვაჩვენებდით ყველას. ამ ამბის შემდეგ იმხელა დარტყმა და დეზინფორმაცია წამოვიდა მაგ ხალხისგან თუ, რა ვიცი, რა დავარქვა მაგათ... მე ბოტების და სექტანტების მხრიდან გინება არაფერს მაკლებს, ოდნავადაც კი არ მიცვლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არც ნერვებს მიშლის, მაგრამ რაც შეეხება დეზინფორმაციას, თითქოსდა, მე ვარ კრიმინალი, ვარ „ოცნების“ აქტივისტი, „ნასედკა“ - ვინც მე და ჩემს ოჯახს გვიცნობს, მათ ხომ იციან, მე ვინ ვარ, ჩემს ოჯახს რა გაუკეთებია... მამაჩემი აფხაზეთის ომის ვეტერანია, გმირია, ამ ქვეყნისთვის უომია... პირადად მე რა წარსული მაქვს, დაინტერესებული ადამიანი უბრალოდ ჩემს „ფეისბუქზე“ რომ შევიდეს, ნახავს, რომ განათლების და სპორტის იქით ცხოვრებაში ოდნავადაც არ გადამიხვევია არსად. ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს თბილისში, ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს და ერთ ადამიანს ვერ ნახავენ, ვინც ჩემზე აუგს იტყვის. ისე კი, პოლიტიკური კუთვნილება საერთოდ რა შუაშია? მე რომ თუნდაც მაგალითად „ნაციონალი“ ვიყო და ეს აზრი მქონდეს, რაც მაქვს, არ შეიძლება? ყველას შეუძლია, ქვეყანა დაიცვას და გამოხატოს თავისი აზრი, გინდაც „ოცნების“ წევრი იყოს, გინდაც „გირჩის“ და ვისიც არ უნდა იყოს. ვინც თვლის, რომ დავითგარეჯი საქართველოა, ვინც ამ სულისკვეთებით არის, ჩემთვის ყველას აზრი მისაღებია და პატრიოტად მიმაჩნია! საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ სად მუშაობს, რა პროფესიისაა, რა პარტიული კუთვნილებისაა და ა.შ. ხოლო ვინც ფიქრობს, რომ გარეჯი საქართველო არაა, იმას ამ ქვეყანაში არ უნდა დაედგომებოდეს, ან მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს და უბრალოდ იკვებოს, იარსებოს.
ამაზრზენია ის აგრესია და დეზინფორმაცია, რომლის წყაროც რამდენიმე ადამიანია - პიროვნებას, რომელსაც საერთოდ არც იცნობ, არ იცი რა გაუკეთებია - რომ აბრალებ კრიმინალიაო, აქედან ხომ ცხადია, რომ ეს ყველაფერი ერთი და იგივე ფორმულაა? ყველას, ვინც დეზინფორმაციას მივრცელებს და კრიმინალობას მაბრალებს, აუცილებლად გავცემ პასუხს! ელისო კილაძემ საერთოდ ჩემი ოჯახის, ჩემი მცირეწლოვანი შვილების ფოტოები გააზიარა და მაგის გამო აუცილებლად მოვთხოვ პასუხს, სადაც საჭირო იქნება და არასდროს ვაპატიებ ამას, თუ არ გამოვა და საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს! ანალოგიურად, ნიკა გვარამია - მომისია ბოტები, დაჯიჯგნეთო... ვნახოთ, ვინ ვის დაჯიჯგნის, ყველას მოვთხოვ პასუხს!
- რას გულისხმობ, როცა ამბობ - პასუხს მოვთხოვო? აპირებ, რომ სამართლებრივად მოსთხოვო პასუხი იმ ადამიანებს, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებს შენზე, კრიმინალს გეძახის და შენს ოჯახს ეხება?
- რა თქმა უნდა! ვმუშაობ ამ საკითხზე და ჩემს უფლებებს დავიცავ! ზოგადად, პირადად მე ვერაფერს ვერ დამაკლებენ ეგენი, რადგან არ მიცხოვრია ისე, რომ უკან მოხედვის შემეშინდეს, ან ვინმესთან მეგობრობის, ნაცნობობის მომერიდოს. არც მე და არც ჩემს ოჯახს არ გვიცხოვრია ისე, რომ რამის შეგვეშინდეს. აქ იმ გაუგონარ დეზინფორმაციაზეა საუბარი, რითაც ჩემი უფლებები ირღვევა და ამ ყველაფერში ჩემს ოჯახს, ჩემს მცირეწლოვან შვილებს რთავენ! ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მივმართავ და სამართლებრივ დავასაც დავიწყებ, ბოლომდე გავყვები ამ საქმეს, თუ საჯაროდ არ მომიხდიან ბოდიშს და საერთოდ, ასეთი რაღაცეები უნდა იყოს ბოლო და უკანასკნელი, როცა ადამიანებს ასე ექცევიან - ჩაგრავენ, დეზინფორმაციას უვრცელებენ! ყველას ეშინია, რომ თუ ხმას ამოიღებენ, მერე ბოტები და სექტანტები გადაუვლიან და ზუსტად ასე ადუმებენ ხალხს. აი, ზუსტად ამას დავუსრულებ მე მაგათ საბოლოოდ, თუ ბოდიშს არ მოიხდიან და საერთოდ, არ შეწყვეტენ ასეთ ქმედებებს ადამიანების მისამართით!
- „კაწროსთან“ მეგობრობაც „აღმოგიჩინეს“ ნაცმედიის წარმომადგენლებმა...
- მე ზოგადად ისე ვცხოვრობ, რომ დასამალი არაფერი მაქვს. „კაწროსთან“ ჩემი აფილირებაც იმიტომ მოხდა, რომ რაღაც საერთო წერტილები იპოვეს. თვითონ მაგ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ „კაწრო“ ჩემი კლასელი იყო თავის დროზე, ერთი წელი მოგვიწია ერთად სწავლა, ფეხბურთის სკოლა „ოლიმპშიც“ რამდენიმე თვე ერთად მოგვიწია ყოფნა. ეს იყო და ეს. წლები გადის და არ ვნახულობთ ერთმანეთს, არც არასდროს გვერქვა მეგობრები ან ძმაკაცები. მოხდა ცხოვრებაში ისე, რომ ჩვენი გზები რაღაც მომენტებში გადაიკვეთა უბრალოდ, მაგალითად ჩვენი მეუღლეები იცნობენ ერთმანეთს და ა.შ. თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს ასე თუ ისე და ვერ ვხვდები, რა არის ამაში საპრობლემო? მე თუ „კაწროს“ ვიცნობ, ე.ი. ქვეყანა არ მიყვარს და არ დავიცავ? თუ რა ლოგიკაა? მაგ ბიჭზეც რომ იძახიან, კრიმინალიაო, ამასაც ხომ დამტკიცება სჭირდება, არა? გამოვიდნენ და დაამტკიცონ, რომ ეს მართლა ასეა. ჩემზეც იგივე უნდათ ახლა, ლაქა მომცხონ - „კაწროს“ თუ იცნობ, გაჩუმდიო... სიმართლე რომ გითხრათ, მე საერთოდ გიორგი რურუაზე დიდი კრიმინალი ძალიან ცოტა თუ მგონია ამ ქვეყანაზე, მაგრამ იმას პოლიტპატიმარს ეძახიან ეგენი... ვინმეს ცნობადობაზე თუ არის საქმე, მაშინ სასწორის პინაზე რომ დავდოთ რურუა და რურუას ვინც იცნობს, ისინი უფრო კარგი ადამიანები არიან, თუ „კაწრო“ და „კაწროს“ ვინც იცნობს - ისინი უფრო კარგი ადამიანები, ალბათ ათმაგი სხვაობა იქნება „კაწროს“ სასარგებლოდ. მე მისი ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცი და არანაირი პირადი ურთიერთობა არ მაქვს, როგორც მეგობართან, ძმაკაცთან. ვიცნობ უბრალოდ და ესაა სულ. მე როგორც „კაწროს“ ვიცნობ, მსგავსად ალბათ ნახევარ თბილისს ვიცნობ და ეს რა, ჩემი დანაშაულია?
- „კაწროს“ სახელი ისე გააიგივეს კრიმინალთან სწორედ მაგ ნაცმედიებმა, რომ მასთან უბრალოდ ნაცნობობა უკვე ლამის დანაშაულის ტოლფასი გახადეს, მეგობრობა ხომ საერთოდ... ბაქარ, შენს „ფეისბუქზე“ ვნახე ვიდეო, როგორ აძლევ სატელეფონო ინტერვიუს „მთავარ არხს“ და რა გაუშვეს მერე ეთერში, როგორ დაჩეხეს შენი ნათქვამი. კარგია, რომ სატელეფონო ინტერვიუს მიცემის პარალელურად, ყველაფერს შენი ახლობლები ვიდეოზე იღებდნენ - ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ჭრიან და კერავენ ადამიანის ნათქვამს ისე, როგორც მათ მოესურვებათ. კიდევ გეხმიანებიან ნაც-მედიის წარმომადგენლები? რატომღაც მგონია, რომ ამაზე არ გაჩერდებიან.
- ის ინციდენტი რომ მოხდა, იმ საღამოდანვე იყო შემოტევა. მე დაბნეული, გამოუცდელი ვიყავი, არ ვიცოდი, ვინ რას როგორ ჩაწერდა, როგორ გაუშვებდნენ ეთერში, ამიტომ თავშეკავებულად ვპასუხობდი. რაც შეეხება კონკრეტულად მაგათ - ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვიმალები, კომენტარს არ ვაძლევ მათ... არსად არ ვიმალები, ვიმყოფები ჩემ სახლში, ხანდახან სახლიდანაც გავდივარ, უამრავი საქმე მაქვს, უბრალოდ კონკრეტულად მაგ არხს არ ვაძლევ ინტერვიუს, მათი არაპროფესიონალიზმის გამო. მაგ არხის ჟურნალისტები, იმის მიუხედავად, მე მიცნობენ თუ არა საერთოდ, პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ საჯაროდ - ეგენი წარმოადგენენ მხარეს, თან ამავდროულად, არიან არაპროფესიონალები, რაც ვუთხარი კიდეც მაგათ - არ მოგცემთ კომენტარს. ერთადერთი, შემიძლია პირდაპირ ეთერში ჩავერთო თქვენთან და ჩემი სათქმელი პირდაპირ ეთერში ვთქვა-მეთქი, ვუთხარი. ის სატელეფონო კომენტარიც იმიტომ გადავიღეთ ვიდეოს სახით, რომ ზუსტად ვიცოდი, ნაგლეჯ-ნაგლეჯ გაუშვებდნენ მერე და ასე მოხდა კიდეც. 5-წუთიანი საუბრის დროს, რომელიც ნაკუწებად დაჩეხეს, ჟურნალისტს რამდენჯერმე გავუმეორე, ხომ გიყვარს ეს ქვეყანა? არის თუ არა გარეჯი საქართველო-მეთქი? ჟურნალისტს იმის თქმა უჭირდა, რომ ეს ქვეყანა უყვარს და რომ დავითგარეჯი საქართველოა, თუმცა, როგორღაც ბოლოს ეს მაინც თქვა და მადლობა მას ამისთვის. საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველა ასე აღიარებს ამას და მიხვდებიან, სად არიან.
- ალბათ, ნახავდი ერთ-ერთ არხზე გადაცემას, სადაც გირაოთი გათავისუფლებული ივერი მელაშვილი ჰყავდათ სტუმრად და იქ მყოფი „ნაცმოძრაობის“ წევრები მას ტაშით შეეგებნენ, როგორც გმირს... „სირცხვილია“-ს ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა ხომ საერთოდ, ქედი მოიხარა მის წინაშე და ამაყად გამოაცხადა - თქვენი გირაოს თანხა უკვე შეგროვებულიაო... არ დაგვავიწყდეს, რომ ათი ათასობით ლარზეა აქ საუბარი. შენი აზრი მაინტერესებს ამ ყველაფერზე, შენი შეფასება - რა ხდება, როგორ ფიქრობ?
- რეალურად, მე არ ვიცი, როგორ შეუგროვეს ის 40 ათასი ლარი ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, რაც არ ვიცი, იმაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ხომ ფაქტია, რომ მგონი სულ რაღაც 1 საათში ააგროვეს ამხელა თანხა? კი, ხდება ხოლმე, როცა ვინმეს უჭირს, მძიმე სენი აქვს, მალე გროვდება მის დასახმარებლად დიდი თანხები, მოქალაქეების გულკეთილობის გამო. ასე უცხადებენ ხოლმე სოლიდარობას ადამიანებს, რომ მას ეხმარებიან, მაგრამ ამ ადამიანს ვინ ან რამდენმა შეიძლება სოლიდარობა გამოუცხადოს იმის გამო, რასაც ის ამბობს, არ ვიცი, რა. შეიძლება სულაც ვინმე ერთმა ადამიანმა გადარიცხა ის გირაოს თანხა. ჩემი მთავარი აღშფოთება და უკიდურესი პროტესტი გამოიწვია ივერი მელაშვილის სიტყვებმა, რაც მან პირდაპირ ეთერში განაცხადა და იქ მყოფთა ტაშმა, მისმა გმირად შერაცხვამ და იმ ამაზრზენმა საქციელმა, რაც სტუდიაში ხდებოდა! როცა ეს ადამიანი შემთხვევით ვნახე, ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტე, მეთქვა ის ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი მასზე. რაც შეეხება პარტიულ მუშაკებს და ა.შ. - ვინც იმ ეთერში იჯდა და ტაშს უკრავდა, მე მათი მიკვირს. ზოგი შეიძლება უნებლიეთ მოყვა იმ ტაშის კვრაში და იმ მომენტში საერთოდ ვერც გაიაზრა, რასთან ჰქონდა საქმე და დღეს შეიძლება ნანობს კიდეც, რატომ იქვე არ დააფიქსირა თავისი პროტესტი იმ ყველაფერზე. მყვანან ნაცნობები, ახლობლები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერენ, მაგრამ ისინი საერთოდ არ ფიქრობენ ისე, როგორც ივერი მელაშვილი ფიქრობს!
- სოციალურ ქსელს ვათვალიერებდი და სხვათა შორის, „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ფეისბუქ-ლაივი შემხვდა, დავითგარეჯში იყო ჩასული, ხალხს ჩვენი ტერიტორიის დაცვისკენ მოუწოდებდა. შენი საქციელიც მოიწონა, ვნახე მისი ფეისბუქ-პოსტიც. საინტერესოა, ხომ არ ფიქრობ, ამ კუთხით გააქტიურდე? რაიმე ორგანიზაციებიდან ხომ არ გაქვს შემოთავაზებები, რომლებიც მაგალითად იმავე დავითგარეჯის თემაზე აქტიურობენ? ან თავად ხომ არ ფიქრობ რაიმე ორგანიზაციის შექმნას, რომ მოქალაქეობრივი პოზიციები უკვე ამგვარად დააფიქსირო ხოლმე?
- ზოგადად, როგორც უკვე გითხარით, მე საერთოდ არ ვაპირებდი საჯაროობას, არც ვარ ისეთი პიროვნება, რომ ჩემგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან მივდიოდე და ვეუბნებოდე, რომ რადგან სხვა აზრზეა, ამიტომ ცუდი ტიპია. დავითგარეჯი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და სწორედ ამ თემაზე არასწორად, მოღალატეობრივმა საუბრებმა გამოიწვია ჩემში პროტესტი. სიმართლე გითხრა, არ მიფიქრია არც ერთ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, არც საკუთარის შექმნაზე. მე მაქვს ჩემი გეგმები, ვარ ყოფილი ფეხბურთელი, დღემდე ვარ სპორტით დაკავებული... იმავე თემებს გავაგრძელებ. ჩემი ცხოვრების წესი არის სპორტი, რადგან სპორტი არის ჯანმრთელი ადამიანების ერთობა, სპორტი გვაძლევს, გვძენს ისეთ ღირებულებებს, როგორებზე გაზრდილი ახალგაზრდებიც მერე გვარამიები არ გახდებიან! ჩემი ცხოვრების დევიზია, რომ სპორტი გვაერთიანებს, ის არის სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანობის, კაცობის, მეგობრობის, გუნდურობის ერთ მუშტად შეკვრის თემა. ჩემი გეგმები ამ მიმართულებით მაქვს და განვახორციელებ, დანარჩენზე კი, რაც მკითხეთ, ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერს ვგეგმავ.