„დაუშვებელია, რომ პოლიტიკოსმა დემონსტრაციულად არაფრად ჩააგდოს სამართალი, არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა მისცეს თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე მოქალაქეებს აქვთ“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, პროკურატურაში ნიკა მელიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, პოლიტიკურ დევნაზე განცხადებები უსაფუძვლოა, რადგან საგამოძიებო ორგანოს რეაგირება აქვს სამართალდარღვევაზე.
„რასაკვირველია, არცერთმა პოლიტიკოსმა საკუთარ თავს არ უნდა მისცეს იმის უფლება, რომ სამართალზე მაღლა დააყენოს თავისი თავი. არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა მისცეს თავს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე მოქალაქეებს აქვთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სწორი, დაბალანსებული სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს ნებისმიერ სამართალდარღვევას. ეს ეხება ნებისმიერ მოქალაქეს და შეიძლება, მეტი პასუხისმგებლობაც ჰქონდეს პოლიტიკურ მოღვაწეს.
თუ სამართლებრივი რეაგირება ხორციელდება, მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა შეფასდეს ასეთი სამართლებრივი რეაგირების სისწორე. რაც შეეხება მის დროულობას, ეს შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს და კონკრეტულ შემთხვევაში, მე არ მგონია, რაიმე პრობლემა იყოს ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება განცხადებებს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ესეც სრულებით მოკლებულია საფუძველს, რადგან ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ ის, რაც მოხდა და რაზეც არის ამ წუთას სამართლებრივი რეაგირება. არ მგონია პოლიტიკოსს ჰქონდეს იმის უფლება, რომ დემონსტრაციულად არაფრად ჩააგდოს სამართალი და სამართლებრივი წესრიგი. ეს დაუშვებელია. როგორი ტერმინებითაც არ უნდა შევეცადოთ დავახასიათოთ სამართლებრივი ნაბიჯები, მისი შინაარსი მაინც უცვლელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი არ უკავშირდება ოპოზიციის იძულებას პარლამენტში შესვლაზე. სარჯველაძის განცხადებით, ამისთვის ხელისუფლება მხოლოდ დარწმუნების მეთოდს იყენებს.
„ხელის გადაგრეხვის მეთოდს რაც შეეხება, მე არ მგონია, რომ ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებას უნდა ვუწოდოთ ხელის გადაგრეხვა. რაც შეეხება კონკრეტულ მდგომარეობას, არ მგონია, ეს ნაბიჯი დაკავშირებული იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის იძულებასთან, რომ შემოვიდეს პარლამენტში. ეს მათი ნებაა და ამის ერთადერთ ინსტრუმენტად ხელისუფლება იყენებს დარწმუნების მეთოდს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დაიბარეს.