„ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და კონსოლიდირებით ჩვენი მოქალაქე ამ უკანონო პატიმრობიდან გამოვიხსნათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ოკუპანტი სახელმწიფოსა და დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილებაა.
„მინდა გითხრათ, რომ როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი, საგარეო უწყება და შესაბამისი სამინისტრო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე არის ორიენტირებული, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან დავიხსნათ და ის დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.