logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ქართველი ერი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დიდგორზე შეკრებას!
- +

7 ივლისი. 2016. 17:40


„ამ საკითხზე, ვფიქრობ, სერიოზული მსჯელობაც კი არ შეიძლება", - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბარში „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდგორზე პარტიული ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქართველი ერი არ დაუშვებს მათ შეკრებას დიდგორის ველზე.


„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულ ჭკუაზე ნამდვილად არ არის. სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი ასეთი ტიპის განცხადებას არ გააკეთებდა. რამდენადაც ვიცი, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში" ეცინებათ დიდგორზე ყრილობის ჩატარების იდეაზე. თუკი ისინი დიდგორზე შეიკრიბებიან, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ისინი იქნებიან ილღაზის სულიერი შვილები, რომელიც თავის დროზე შეეცადა, დაემარცხებინა ქართული სახელმწიფოებრიობა, მაგრამ დავით აღმაშენებლმა კუდით ქვა ასროლინა. ხუმრობით ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საინტერესო სანახავი იქნება ცხენზე ამხედრებული, მუზარადით და ხმლით ხელში აკო მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გივი თარგამაძე და დანარჩენები, რომლებიც საკუთარი ცხენებით, თუკი ამას გააკეთებენ, უკანმოუხედავად ირბენენ, რადგან ქართველი ერი არ დაუშვებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს რაიმე შეკრება დიდგორზე და შემდეგ დაიძრან თბილისისკენ. ეს უფრო კომედიური, სერიალის გაგრძელება მგონია და ამ საკითხზე, ვფიქრობ, სერიოზული მსჯელობაც კი არ შეიძლება", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner