„ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტაზე, ყველაზე დიდი დარტყმა იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ისინი ელოდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას, რომ შემდეგ უფრო თამამად წაეყვანათ პოლიტიკურ პროცესში სხვა პარტიები. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, ევროკავშირის ელჩის შეფასება, აშშ-ის ელჩის განცხადება და აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პროდასავლურობას იბრალებს დასავლეთის არანაირ ღირებულებას აღარ ატარებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„რატომ უნდათ მათ, პროცესები ასე დესტრუქციულად განვითარდეს? იმიტომ, რომ მათი აზრით, ერთადერთი სცენარი იქნება დესტაბილიზაცია ქუჩაში და კიდევ უფრო მეტი პრობლემების შექმნა არა ხელისუფლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის. იმისთვის, რომ იქნებ რამე სცენარი გამოვიდეს და არა საარჩევნო გზით შეძლონ ხელისუფლებაში დაბრუნება. არ შემიძლია არ გავიხსენო ღამე, როდესაც ნიკა მელიას მოწოდებით აპირებდნენ პარლამენტის შტურმით აღებას. მაშინ ვამბობდით, რომ ბუნდესტაგში ან კაპიტოლიუმში რომ ვინმე შევიდესო და ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა, ჩვენ ვნახეთ უმძიმესი კადრები 6 იანვარს. ჩვენ ვნახეთ ამერიკისა და მთელი მსოფლიოს შეფასება ამ თემაზე. სახელმწიფომ ძალიან ადეკვატური პასუხი გასცა ამ შტურმს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 4 ადამიანი. 80-ზე მეტი ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული და ეს შიდა ტერორიზმად შეფასდა. მთელმა მსოფლიომ შეაფასა და გასაგებია, რომ საქართველოს პარლამენტი მსოფლიოსთვის კაპიტოლიუმი არ არის, მაგრამ მაშინაც მოვისმინეთ ჩვენ განცხადებები. როდესაც დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, დასავლურ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, სახელმწიფო ინსტიტუციებზე ვლაპარაკობთ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ტიპის ქმედებები იქნება ადეკვატურად დასჯადი“, - განაცხადა ბოჟაძემ.