logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ახლა თუ ასეთი ვაჟკაცია, პირველად რატომ გადაიხადა მელიამ გირაო? იგივე გენერალური პროკურორი იყო მაშინაც და იგივე ძალა ხელისუფლებაში
- +

5 თებერვალი. 2021. 19:05

 

„ახლა თუ ასეთი ვაჟკაცია, პირველად რატომ გადაიხადა მელიამ გირაო? იგივე გენერალური პროკურორი იყო მაშინაც და იგივე ძალა იყო ხელისუფლებაში. რას ნიშნავს, „აბა, დამიჭირე“? ეს არის პირდაპირი გამოწვევა სახელმწიფოს სტაბილურობისა და მომავალი მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

 

მისი თქმით, როგორც ჩანს, ნიკა მელიამ ჩათვალა, რომ მისი პირადი რეიტინგისთვის, პარტიის რეიტინგისთვის და ზოგადად, ტემპერატურის ასაწევად საჭიროა ასეთი ნაბიჯი, რათა კიდევ უფრო მეტად გადაიტანონ აქცენტი ქუჩაზე.

 

„უნდა გავიხსენოთ, როგორ განვითარდა ეს მოვლენები - 19 ივნისს იყო მოქალაქეთა სრულიად გულწრფელი პროტესტი, შემდეგ კი ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შტურმისკენ. ნიკა მელია პარლამენტის წევრი იყო და სამართლებრივად გაგრძელდა ეს პროცესი. მაშინ მელიამ გირაო გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ირაკლი კობახიძე იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ირაკლი შოთაძე კი - გენპროკურორი. ახლა ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. ეს პარტია არა მხოლოდ თვითონ არ შედის პარლამენტში, არამედ სხვა პარტიებსაც არ უშვებს იქ და მთლიანად არის გადართული ქვეყნის დესტაბილიზაციაზე. როგორც ჩანს, ნიკა მელიამ ჩათვალა, რომ მისი პირადი რეიტინგისთვის, პარტიის რეიტინგისთვის და ზოგადად, ტემპერატურის ასაწევად საჭიროა ასეთი ნაბიჯი, რათა კიდევ უფრო მეტად გადაიტანონ აქცენტი ქუჩაზე. ასევე ნიკა მელიამ იცის, რომ ის დღესაც არის პარლამენტის წევრი და ასე მარტივად მისი დაპატიმრება ვერ მოხდება. ისინი მუდმივად ცდილობენ, ქვეყანაში „პოლიტპატიმრები“ გააჩინონ, ახლა კი აღმოჩნდება, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აღმოჩნდება საპატიმროში, თუკი ის არ გადაიხდის გირაოს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ ერთკვირიანი ვადის გასვლას. არჩევნების შემდეგ მან ელექტრონული სამაჯური საჯაროდ მოიხსნა და იმაზე იყო გათვლა გაკეთებული, რომ ის დაეკავებინათ და დაიწყებდნენ ლაპარაკს იმაზე, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციონერი დაკავებულია“, - განაცხადა ბოჟაძემ.

 

მისივე თქმით, ეს სცენარი ჩავარდა და ახლა მელია ისევ აკეთებს ყველაფერს, რათა ის დააპატიმრონ.

 

„ახლა თუ ასეთი ვაჟკაცია, პირველად რატომ გადაიხადა მელიამ გირაო? იგივე გენერალური პროკურორი იყო მაშინაც და იგივე ძალა იყო ხელისუფლებაში. რას ნიშნავს, „აბა, დამიჭირე“? ეს არის პირდაპირი გამოწვევა სახელმწიფოს სტაბილურობისა და მომავალი მდგრადი განვითარებისთვის. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, უნდა ვიცოდეთ, რომ სამართალი ვერ აეწყობა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე - წინასაარჩევნო ან პოსტსაარჩევნო პერიოდზე - ასე წინ ვერ წავალთ. ევროპაში არავინ არ უყურებს იმას, ვინ რომელი პარტიის თავმჯდომარეა. ნიკა მელიას ეს განცხადება დასავლეთში შესაბამისად იქნება აღქმული და კიდევ უფრო მეტად დააშორებს „ნაცმოძრაობას“ დასავლეთთან“, - განაცხადა ბოჟაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner