განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში არის ის რესურსი და აღჭურვილობა, რომელიც მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.
საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
„მაღალი მოლოდინი გვქონდა იმისი, რომ 15 სექტემბერს ჩვენი მოსწავლეები წავიდოდნენ სკოლაში, შესაბამისად, მაქსიმალურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაგვეთვალისწინებინა. გარდა ამისა, ჩვენ მათთან ერთად ვთანამშრომლობდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული ყველა ის რესურსი და აღჭურვილობა, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უფლება სკოლის სივრცეში იყოს დაცული,“ - განაცხადა ეკა დგებუაძემ.
ეკატერინე დგებუაძის თქმით, მკაცრი მითითებაა, რომ მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია იყოს დაცული, თუმცა სადაც ამის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, იქ სწავლა განსხვავებული მოდელებით დაიწყება.