„2021 წელს ეკონომიკის 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ვაქცინაცია და რეგიონში მშვიდობა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის გამო, ქვეყნის ეკონომიკისთვის 2020 წელი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე პროგნოზირებული იყო.
„2020 წელი მართლაც იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის პანდემიის მეორე ტალღა, რომელიც ზოგადად არაპროგნოზირებადი პროცესია. ამიტომ ეკონომიკური ზრდა ან ვარდნაც არაპროგნოზირებადი ხდება. გარდა ამისა, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მიმდინარე ვითარება. იცით, რომ ამ დროს იყო სწორედ კონფლიქტის გაღვივება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც შემდგომ მშვიდობით დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2021 წელს სწორედ ორი ფაქტორი გვაძლევს 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს. ერთი – ეს არის ვაქცინაცია, რომელიც უკვე დაწყებულია, მაგრამ დიდად ვართ დამოკიდებული ვირუსის შემდგომ მოქმედებასა და ვაქცინაციის ტემპზე; მეორე – რეგიონში არის მშვიდობა და ნეგატიური ფაქტორიც აღარ იარსებებს“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რაც მთავრობას 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აქვს დაგეგმილი.
„2021 წელს 4.3-პროცენტიანი ზრდის მიღწევა დიდად არის დამოკიდებული ჩვენს საკუთარ ძალისხმევაზეც. გავაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, რაც არა უბრალოდ დააჩქარებს ზრდის პროცესს, არამედ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს. ეს იქნება ინკლუზიური ზრდა, ანუ სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ზრდა. გარდა ამისა, ავამოქმედებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის პრივატიზაციის ახალი, ინტენსიური პოლიტიკა. წელს გვაქვს სიახლეები, რომელსაც სულ მალე გავასაჯაროვებთ. ასევე წიაღისეულის ლიცენზიების მასშტაბური გაცემა, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და პარალელურად, კორპორატიზაცია და რეფორმა. ეს სამი ფაქტორი იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების სასარგებლოდ“, – განაცხადა თურნავამ.