logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დელიმიტაცია უნდა დავასრულოთ
- +

6 თებერვალი. 2021. 20:00

 

 

„მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით, სხვაგვარად სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. ამიტომ, პირველივე ვიზიტის დროს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში დავსვი ეს საკითხი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პასუხი იყო ზუსტად იგივე – მეც გეთანხმებით, აუცილებელია, ჩვენ დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ, არა 100 წლის წინ, არამედ 30 წლის წინ. იგივე გვაქვს სომხეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენთვის და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მიღებული სამართლებრივი წესი იყო, რომ საზღვრების დელიმიტაციის სახელმძღვანელო სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული რუკა იქნებოდა.

 

„დღეს ის საკითხები, რაც დგას, არის სწორედ შემდეგი – რუკა როგორ იყო ან არ იყო გამოყენებული. ეს საკითხი სხვა კუთხიდან ვიცი. როცა ვიყავი მინისტრი, მაშინ დავსვი კითხვა, რომ უკვე რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, მეზობელი, კარგი ურთიერთობებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული საზღვრების დელიმიტაცია, იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები ჩვენს საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოს მოქალაქე დავითგარეჯას კომპლექსის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიად თვლიდეს.

 

„არსად არ გამიგია, რომ ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი, იჩემებს, რომ ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის. ამით ვარ გაოცებული“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

როგორც მან განმარტა, მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისას შეთანხმდა, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხი პრეზიდენტების დონეზე უნდა გადაწყდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner