logo_geo
eng_logo
რუსთის ნაკრების მწვრთნელი ლინ ჯოუნზი: შემოდგომაზე ქართველებმა ძალიან ბევრი ისწავლეს და კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან
- +

7 თებერვალი. 2021. 14:01

 

2020 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი შეხვედრა 7 თებერვალს, „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება და სამწუხაროდ, მას გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

 

მას შემდეგ, რაც ბელგია რუმინეთში ვერ ჩავიდა და ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, მომავალმა შეხვედრამ სატურნირო თვალსაზრისი აზრი დაკარგა. რუსეთს აღარ ემუქრება ბოლო ადგილზე დარჩენა, საქართველომ კი, ჯერ კიდევ შარშან, ერთი ტურით ადრე მეთორმეტედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი.

 

თუმცა, ესაა შეხვედრა, რომელსაც სატურნირო დატვირთვა და დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება. „დათვებს“ „ბორჯღალოსნებთან“ სულ ერთხელ, პირველ მატჩში აქვთ მოგებული და ისიც შორეულ 1993 წელს, მას შემდეგ კი, ერთადერთხელ, 2002 წელს გამორჩნენ ფრეს. „ბორჯღალოსნების“ ანგარიშზე 21 გამარჯვებაა, აქედან 18 ზედიზედ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მწვრთნელები აქცენტს 2023 წლის მსოფლიო თასზე აკეთებენ, ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები.

 

„დათვების“ უელსელმა დამრიგებელმა ლინ ჯოუნზმა სასტარტო შემადგენლობაში სამი დებიუტანტი დააყენა – მეორეხაზელი გერმან სილენკო, ფრთა ანდრეი კარზანოვი და ცენტრი ლუკ ბროკა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა და „ნარბონში“ თამაშობს, თუმცა, დედა ჰყავს რუსი.

 

„მსოფლიო თასზე ყველაზე ასაკოვანი გუნდი გვყავდა და ბუნებრივია, რომ მისი დასრულების შემდეგ აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეებზე ვაკეთებთ, მათ შორის იმ ნატურალიზებულ მორაგბეებზე, ვისაც რუსული ფესვები აქვს. გასაგებია, რომ დებიუტისთვის შეიძლებოდა შედარებით იოლი მატჩის შერჩევა, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა თავს კარგად წარმოაჩენს, მას ნებისმიერ მეტოქესთან უნდა შეეძლოს წარმატებული თამაში“, – განაცხადა ჯოუნზმა შემადგენლობასთან დაკავშირებით.

 

მან „ბორჯღალოსნების“ პროგრესზე ისაუბრა:

 

„საქართველომ „შემოდგომის ერთა თასზე“ შესანიშნავი თამაშები ჩაატარა. ეს იყო დიდი ჩემპიონატი საქართველოსთვის. მათ რამდენიმე ლიდერი აკლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ეძებენ ახალგაზრდა ტალანტებს. შემოდგომაზე მათ ძალიან ბევრი ისწავლეს და კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე აქამდე იყვნენ“.

 

გუნდის კაპიტანი ვიქტორ გრესევი თვლის, რომ „დათვები“ მომავალ თამაშს კარგ ფორმაში ხვდება და წუხს, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი არ იქნება:

 

„ინდივიდუალური პროგრამით ვემზადებოდით. გარდა ამისა, კლუბებმა წელს უწინდელზე ადრე დაიწყეს მზადება და ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ. ამ თამაშისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით და მიუხედავად იმისა, რომ ის სატურნირო თვალსაზრისით აღარაფერს წყვეტს, მძიმე თამაში იქნება. საქართველო ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე სერიოზული მეტოქეა და განწყობაც შესაბამისია. როდესაც სტადიონზე 50 ათასი გულშემატკივარი საქართველოს ქომაგობს, ეს ჩვენს მოტივაციაზეც აისახება. მერე რა, რომ ისინი ჩვენს წინააღმდეგ არიან. ჩვენ გულშემატკივრისთვის ვთამაშობთ და სამწუხაროა, ტრიბუნები ცარიელი რომ იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, მეტოქისგან უკომპრომისო თამაშს ველით“.

 

https://1tv.ge/news/ragbi-rustis-nakrebis-mwvrtneli-lin-jounzi-shemodgomaze-qartvelebma-dzalian-bevri-iswavles-da-kidev-ufro-dzlierebi-iqnebian/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner