logo_geo
eng_logo
ხვალიდან რუსთავს ახალი ავტობუსები მოემსახურება
- +

7 თებერვალი. 2021. 16:47

 

ათწლეულების განმავლობაში პირველად, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. გარემოსთვის უსაფრთხო, ახალი მუნიციპალური ავტობუსებით, რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობა, მერიის მიერ დაწესებული შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს.

 

22 ერთეული ახალი ავტობუსი რუსთაველებს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნისთანავე, 8 თებერვლიდან მოემსახურება. უახლოეს მომავალში კი, ქალაქი დამატებით 18 ახალ სატრანსპორტო საშუალებას მიიღებს.

 

EURO 5 - ის ტიპის ახალი ავტობუსები, რუსთავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი. ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას - აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ავტობუსების ფუნქციონირების პროცესში ადგილზე დაცული იქნება COVID-19-ის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები - ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ჩატარდება დეზინფექცია.

 

განახლებული ავტოპარკის პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ავტობუსების პარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წელს, EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის 183 ავტობუსია შესყიდული: ქუთაისი - 60, რუსთავი - 40, გორი - 30, ზუგდიდი - 25, თელავი - 10, ფოთი - 10, ბათუმი - 8 - ელექტროავტობუსი. აქედან 126 ავტოსატრანსპორტო საშუალება მუნიციპალიტეტებმა უკვე მიიღეს.

 

ხვალიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. კერძოდ: აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა. ასევე, გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner