logo_geo
eng_logo
გოჩა ლორთქიფანიძე: მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე, რუსეთი დათანხმდა, საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს
- +

8 თებერვალი. 2021. 15:40

 

 

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან აქტიური მუშაობის შედეგად რუსეთი დათანხმდა კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს. ამის შესახებ მან პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

 

„უარის პოზიციიდან გვაქვს მცირეოდენი წინსვლა. რუსეთი, აღსრულების ეტაპზე, უარს აღარ აცხადებს და მზადაა ჩაერთოს გადახდის საკითხის მოგვარების პროცესში, ბუნებრივია, ევროპის საბჭოს შუამავლობით. შესაძლოა, ამაზე იმოქმედა 21 იანვრის გადაწყვეტილებამ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს. ჩვენ შევძელით ის, რომ მინისტრთა კომიტეტთან აქტიური მუშაობის შედეგად, რუსეთი დათანხმდა კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს, რაც მცირე წინსვლაა, თუმცა, დინამიკაში კარგია“- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner