logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ოპოზიცია ეკლესიის შტურმით აღებასა და ,,ჩამოშლას“ გეგმავს, რადგან ის ყველაზე სანდო ინსტიტუციაა ქვეყანაში
- +

9 თებერვალი. 2021. 18:13

 

11 ოქტომბერს საქართველოს პატრიარქი სინოდის მორიგ სხდომას იწვევს. გერმანიაში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართველ თეოლოგთა კავშირი“ სინოდის მოსალოდნელი სხდომის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საეჭვოდ ემთხვევა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაზაფხულზე დაანონსებულ მასშტაბურ აქციებსა და სახელმწიფო გადატრიალებას. ,,კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის“ დამფუძნებელს, ნანა კაკაბაძეს ესაუბრა:

 

- გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოში მოსალოდნელ „გადატრიალებაზე“, რომელშიც, თითქოსდა, რუსული კვალი იკითხებოდა. რამდენად სარწმუნოდ გეჩვენებათ ეს ინფორმაცია?

 

- მოდით, ვნახოთ, ვის ინტერესებშია გადატრიალება საპატრიარქოში და რომელი ტელევიზიები ავრცელებდნენ მსგავს ინფორმაციებს – აღმოჩნდება, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ორიოდ არხი. ახლა გადავხედოთ ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიებს. ვინც ამ სიებს ადგენდა, ცხადია, საპარლამენტო მუშაობისთვის არ ემზადებოდა. მათ ოპოზიციაში ყოფნა არ აწყობთ, რადგან უზარმაზარი სისხლის სამართლის დანაშაულები აქვთ ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და, ადრე თუ გვიან, ეს დანაშაულები აუცილებლად მოეკითხებათ. არჩევნების გზით დანაშაულებრივი ჯგუფების დაბრუნება ხელისუფლებაში გამორიცხული იყო. ვინმე ფიქრობს, რომ „ნაციონალები“ პარლამენტში „რესპუბლიკელების“, ნატო ჩხეიძისა და ვინმე სამნიშვილის შესაყვანად იღვწოდნენ? „ევროპულ საქართველოს“ გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას პარლამენტში ჯდომა რომ ნდომოდა, საკუთარ თავებს სიის ბოლოში ჩაწერდნენ, თუ არ იცოდნენ, რომ მათ, როგორც მაჟორიტარებს, ხმას არავინ მისცემდათ?

 

- მთელმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად მხოლოდ იმიტომ გამოაცხადა, რომ სასურველი შედეგის ვერმიღწევის შემდეგ გადატრიალების გზით ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება?

 

- თუ გახსოვთ, 2003 წელს, როდესაც „ნაციონალური ხელისუფლება“ სწორედ სახელმწიფო გადატრიალების და არა რევოლუციური გზით მოვიდა ხელისუფლებაში, სააკაშვილი აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, არც მაშინ და არც ახლა ამ გაყალბების არავითარი მტკიცებულებები „რევოლუციონერებს“ სასამართლოში არ წარუდგენიათ. თუ არჩევნები მაშინ მართლა გაყალბდა, რატომ არ გამოიძიეს გაყალბების ფაქტი, რატომ არ დადეს მტკიცებულებები, რატომ არ დასაჯეს გამყალბებლები? მთელი ქვეყანა ციხეებში ჩაყარეს და რაღა არჩევნების გამყალბებლები და სახელმწიფო დამნაშავეები დაინდეს? არჩევნების გაყალბების ფაქტზე სარჩელი შეიტანეს არა საკონსტიტუციო, არამედ – უზენაეს სასამართლოში, გააუქმებინეს პროპორციული და ძალაში დატოვეს მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. რაღა უზენაესს განეხილა არჩევნების გაყალბების შედეგები და რაღა დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, ერთი და იგივე იყო. მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის დამღუპველი იყო, ხოლო მაჟორიტარული – ხსნა. გავიდა 8 წელი და ახლა მაჟორიტარული არჩევნები გამოცხადდა ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე. მთავარი კი ისაა, რომ არც 2003 და არც 2020 წელს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების გაყალბების რაიმე ფაქტი ან მნიშვნელოვანი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მათ აინტერესებთ არა ის, რაც უმჯობესია ქვეყნისთვის, არამედ ის, რა გამოადგებათ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. რაც ქვეყნისთვის უკეთესია, მათთვის რატომღაც უარესია და ასე მიაქანებენ ქვეყანას უფსკრულში. ,,ქართული ოცნების,, უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ის, რომ დღემდე არ გაუუქმეს მანდატები მათ, ვინც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას აანონსებს და დღემდე დატოვეს კრიმინალები პოლიტიკაში.

 

- რაც შეეხება 11 თებერვლის სინოდის სხდომას. მისი დღის წესრიგიც, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ პატრიარქისთვისაა ცნობილი, მორიგი სკანდალის მიზეზი გახდა რიგ ტელევიზიებში, აქაც ოპოზიციის ნარატივი იკითხება?

 

- ოპოზიციას არ აწყობს ძლიერი ინსტიტუციების არსებობა ქვეყანაში. ყველა ინტერვიუში ოპოზიციური ლიდერები ახსენებენ სიტყვა „ჩამოშლას“. მათი მთავარი მიზანია სახელმწიფო და ავტორიტარული ინსტიტუციების, მასთან ერთად კი ქვეყნის „ჩამოშლაც“. ძლიერი ეკლესია ქვეყნის დედაბოძია. ოპოზიციის აგენტურა, პეტრე ცაავა იქნება თუ პეტრე ქიბროწაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს, ცდილობს საზოგადოების დემორალიზებასა და ეჭვის დათესვას. როდესაც „მეუფე“ ტელეეკრანიდან გეუბნება, რომ შენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი უზნეო, მამათმავალი, ათას მომაკვდინებელ ცოდვაში მხილებული ადამიანია, ბუნებრივად, გიჩნდება ეჭვი და დემორალიზებული ხდები. უფალი ეუბნება ადამიანს: ფეტვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეს, გადარჩებიო. როგორც ჩანს, ეს ფეტვის მარცვლისოდენა რწმენაც ძალზე დიდია და ასეთი მცირედ მორწმუნე ადამიანის შეცდომაში შეყვანას რა უნდა? საქართველოში უამრავი კონფესიის ბევრი პირველი პირი მოღვაწეობს, თუმცა, რატომღაც, მათ მორალურ სახესა და გადაცდომებზე არავის არასდროს უსაუბრია. შტურმი მხოლოდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მიაქვთ, როგორც ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციაზე და მხოლოდ მისი „ჩამოშლის“ მცდელობით არიან დაკავებულნი. მერე მარტივად ჩამოშლიან იდეოლოგიას, ეკონომიკას, სახელმწიფოსაც… როდესაც ტელევიზია სინოდის დღის წესრიგზე ასეთ ინფორმაციას ავრცელებს და საპატრიარქოს კომენტარს არ სთხოვს, არ არის საეჭვო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია?

 

- მედიის ნაწილსა და სოციალურ ქსელებში საუბარია ამ დრომდე გასაიდუმლოებულ, სინოდის სხდომის დღის წესრიგზე, თითქოსდა, მეუფეები შესთავაზებენ პატრიარქს გადადგომას…

 

- სინოდის სხდომის დღის წესრიგი არ არსებობს, ის მთავრობის სხდომა არ გახლავთ. პატრიარქს ერთპიროვნულად შემოაქვს განსახილველი საკითხები და სხდომაზე მათ უმაღლესი სამღვდელოება განიხილავს. როგორ ფიქრობთ, პატრიარქი საკუთარი თავის წინააღმდეგ გაილაშქრებს? სამწუხაროდ, ვინც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებს, მისი მიზანი მხოლოდ საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვაა, რაც შეიძლება მეტი ტალახის სროლა დედა ეკლესიისთვის.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner