„ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა, მეტწილად უკავშირდებოდა თავყრილობებსა და უპასუხისმგებლო მოწოდებებს დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. ამან შეუწყო ხელი ინფექციის გავრცელებას. მსგავსი მოწოდებები ძალიან სახიფათოა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„შეზღუდვებისადმი დაუმორჩილებლობისკენ ნებისმიერი მოწოდება შეიცავს უდიდეს საფრთხეს, რადგან ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში უკიდურესად მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. იანვარი ჯანდაცვის სექტორისთვის იყო შედარებით მსუბუქი, მაგრამ ეს მობილობის შეზღუდვის შედეგი იყო. ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა, მეტწილად უკავშირდებოდა თავყრილობებსა და უპასუხისმგებლო მოწოდებებს დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. ამან შეუწყო ხელი ინფექციის გავრცელებას. მსგავსი მოწოდებები ძალიან სახიფათოა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემთხვევების რაოდენობის შემცირება მიღწეულია საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების ფონზე და მობილობის გაზრდასთან ერთად ინფექციის გადაცემის რისკის ზრდის ალბათობა ყოველთვის არსებობს, ამიტომ გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე. მობილობასა და ინფექციის გავრცელებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. თითო დამატებითი 100 ინფიცირებული ნიშნავს დამატებით 1 ან 2 გარდაცვალებას. დღეს თუ 800 შემთხვევა გვაქვს და ხვალ ამ ტიპის აქტივობის გამო 1500 გვექნება, ეს რისკი და პასუხისმგებლობა თუ არ გავაცნობიერეთ, ეპიდემიის დარჩენილი ეტაპების გავლა გაგვიჭირდება“, - განაცხადა გაბუნიამ.