რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს ასახელებს. ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის 2019 წლის ივლისში შეწყდა.
როგორც „ТАСС“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, ეს საკითხი კორონავირუსის პანდემიაზე და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფაზე იქნება დამოკიდებული.
„ავიამიმოსვლის აღდგენას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით კვლავ მოქმედებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ქართველი რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ გამოიცა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ამ ბრძანებულების გაუქმების პირობები“, - განაცხადა რუდენკომ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღო. მოსკოვში ამ აქციას ანტირუსულს უწოდებენ. აქცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც თბილისში მყოფი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი სერგეი გავრილოვი და დუმის სხვა წევრები საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობისთვის მივიდნენ. ამასთანავე გავრილოვმა პლენარულ სხდომათა დარბაზში სპიკერის სავარძელი დაიკავა.