დავითგარეჯას საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გადაიდო.
როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, მტკიცებულებების დაუშვებლობის თაობაზე მხარეებს ჰქონდათ შუამდგომლობები, ასევე დაცვის მხარის საკუთარ შუამდგომლობებთან და ბევრ გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარ თავთან მოვიდა წინააღმდეგობაში.
„ძალიან ბევრი დეტალი დააზუსტა, სწორედ ამ მიზეზით მოხდა პროცესის გადადება. რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობას, ჩვენ განვუცხადეთ სასამართლოს ჩვენი პოზიცია, ყველა მტკიცებულება არის რელევანტური, ავთენტური უტყუარი. რაც შეეხება ახალ მტკიცებულებას, ეს არის საჯარო განცხადებები, ბრალდებული ივერი მელაშვილის პოზიციები, რომელიც ეხება ჩვენს სისხლის სამართლის საქმეს, იმ მონაკვეთებს, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ შეათანხმეს ბრალდებულებმა. ბრალდებული აცხადებს, რომ არ იყო საქართველოს ტერიტორია, არასოდეს არ მიეკუთვნებოდა და მათ შორის ამის საფუძველი არ არსებობდა. ეს არის ის პოზიცია, რომელიც დოკუმენტურად ბრალდებულების განხორციელებული ქმედებებით დასტურდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო ეს წარმოდგენილიყო“, – განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, თუ რატომ ითხოვს ბრალდების მხარე რომ დაუშვებლად ცნოს სასამართლომ ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართვას ეხება საქმე, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ადვოკატების მიერ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევითაა მოპოვებული.
„როდესაც ინიშნება ექსპერტიზა, განსაკუთრებით კარტოგრაფიული ექსპერტიზა აუცილებლად უნდა იქნას გადაგზავნილი შესაბამისი მასალა, ის მასალა, რაც არის საკვლევი ობიექტი და რაც უნდა დაამუშაოს ექსპერტიზამ, მოცემულ შემთხვევაში არანაირი საკვლევი მასალა არ არის გადაგზავნილი, მხოლოდ კითხვებია დასმული. მეორე არის ის, რომ კანონი ითვალისწინებს ექსპერტის გაფრთხილებას შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ასევე უფლებამოვალეობების განმარტებას, ესეც არ არის. ასევე სხვა ბევრი დეტალი, განსხვავებით სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზის დანიშვნისა, ამ შემთხვევაში ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურებაზე არა აქვთ წარმოდგენილი, ბუნებრივია, ბევრი ტექნიკური და სამართლებრივი დეტალი წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან და ქმნის მის დაუშვებლად ცნობის საფუძველს“, – განაცხადა პროკურორმა.
დავითგარეჯას საქმეზე სასამართლო სხდომა 16 თებერვალს 14:00 საათზე გაგრძელდება, სადაც გაგრძელდება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა. ასევე დაცვის მხარე წარადგენს საკუთარ პოზიციას ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ დამატებით მტკიცებულებებზე, რომელიც ეხება ივერი მელაშვილის მიერ 28 იანვრის შემდეგ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. ასევე მომდევნო სხდომაზე გადაწყდება გადაეცემა თუ არა საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს.