logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდიას მკურნალი ექიმი განმარტავს, რატომ თქვა უარი ჰონორარზე
- +

11 თებერვალი. 2021. 12:21

 

„იმედის კვირამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია მკურნალობას და ადრეულ რეაბილიტაციას გადის. ეს არის უნას საავადმყოფოს ნევროლოგიისა და გერიატრიის დეპარტამენტის დირექტორი, ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ქაცარავა.

 

„ავადმყოფი 2 კვირაა, რაც ჩვენს საავადმყოფოში იმყოფება. ადრეული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ - სტაბილური. მგონი, ოდნავ მინიმალური წინსვლა გვაქვს. პირველადი დაზიანების სიმძიმე ძალიან მძიმეა და შესაბამისად, ამის აღდგენის პოტენციალი მცირეა. ეს არის ძალიან თანმიმდევრული ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ნელა უნდა გავიაროთ. აქ არის ერთობლივი მუშაობა - ექიმი, ექთანი, ფიზიოთერაპევტი, ლოგოპედი, მისი ოჯახის წევრები, მეუღლე. ამ გუნდური მუშაობის შედეგად გვიხარია ყოველ კვირა, ყოველდღიურად თუ რაღაც პერიოდის შემდეგ ოდნავ პატარა წინსვლა რომ გვქონდეს, მაგრამ საბოლოოდ რა შედეგს მივაღწევთ, ამის თქმა ძალიან ძნელია. როგორც გითხარით, პირველადი დაზიანებების ხარისხი ძალიან მძიმეა. დღეს ის თვალებით ამყარებს კონტაქტს. შეუძლია ერთი ან ორი სიტყვა თქვას. რა თქმა უნდა, ეს პროგრესად ითვლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, დაზიანებების ხარისხის სიმძიმე აისახება მის კლინიკურ მდგომარეობაზე, ტექნიკური გამოკვლევების შედეგებზე. ვხედავთ თავის ტვინში დაზიანებების ძალიან დიდ კერებს, რაც წინასწარ გვეუბნება, რომ ალბათ ძალიან რთული იქნება რაიმე საგრძნობი გაუმჯობესების მიღწევა. ჩვენ ჩვენსას არ დავაკლებთ და მისი მეუღლე ყველაფერს ცდილობს, რომ ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გამოვა, ამას ვერ გეტყვით“, - ამბობს ქაცარავა.

 

ქართველმა ექიმმა საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა და ამის მიზეზებიც განმარტა.

 

„მე მინდოდა, როგორც ქართველს და როგორც 90-იანი წლების დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდის მომსწრეს და ამის გულშემატკივარს, მოქალაქეობრივი ვალი, ჩემი დამოკიდებულება ამ ოჯახის მიმართ გამომეხატა. მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა და ყველანაირი დახმარება აღმომეჩინა ჩვენი საყვარელი მწერლის შვილიშვილისთვის, ჩვენი პირველი პრეზიდენტის შვილისთვის და მისი ოჯახისთვის. გამეკეთებინა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ამ საავადმყოფოში ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ამ ავადმყოფის მიმართ და ყველა ცდილობს, რომ თავისი საუკეთესო და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს“, - განმარტავს ქაცარავა.

 

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. ამჟამად ის მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის. უცხოეთში მკურნალობას და რეაბილიტაციას პირველივე დღიდან სრულად „ფონდი ქართუ“ აფინანსებს და მზადაა, ფინანსური მხარდაჭერა გააგრძელოს ცოტნეს სრულად გამოჯანმრთელებამდე.

 

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/185451/tsotne-gamsakhurdias-mkurnali-eqimi-ganmartavs-ratom-tqva-uari-honorarze?fbclid=IwAR2hI6EFUYHPKxgk4kQI3cgTTPcYbE96pT1kNxbk9qASmbDuwAxWRii7-iw

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner